დღეს საუბარი გვქონდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მდგომარეობის ნორმალიზების შესახებ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის თქმით, მეორე ომმა, რომელიც მთიან ყარაბაღში მოხდა, გამოიწვია მათი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
“გასულ თვეს აღვადგინეთ მთელი ქვეყნის სუვერენიტეტი და დღეს ჩვენ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ სამშვიდობო შეთანხმებაზე სომხეთთან. იმედი მაქვს, რომ ამას მივაღწევთ და ასე ჩვენ შევქმნით პოლიტიკურ გარემოს და სიტუაციას სამხრეთ კავკასიაში, სადაც სამმხრივი თანამშრომლობა წარიმართება საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩართულობით. ეს იქნება წარმატებული თანამშრომლობა ენერგეტიკის, ვაჭრობის, საინვესტიციო და ბევრი სხვა მიმართულებით. ეს შესაძლებელია. ეს შესაძლებლობა გვაკლდა, მეგობრებო, იმიტომ, რომ აზერბაიჯანი წლების განმავლობაში ოკუპირებული იყო. რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია არ გვაძლევდა საშუალებას, რომ ნორმალიზებისკენ გადაგვედგა ნაბიჯები, მაგრამ დადგა დრო, მოგვეცა მომენტი, რომ არ დავკარგოთ ეს შესაძლებლობა. როგორც მოგეხსენებათ, დღეს რამდენიმე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაციაც არიან ფასილიტატორების როლში ნორმალიზაციის პროცესში. საქართველოსა და აზერბაიჯანს აქვს მიმღებლობის პოზიცია. ეს მიუკერძოებელი პოზიციაა ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მიმართებით და ნებისმიერ დახმარებას ვიღებთ, მაგრამ ჩემი იდეა მდგომარეობას იმაში, რომ ყველაზე სწორი არჩევანი, იქნება ეს ისტორიული ასპექტები თუ სხვა, გეოგრაფიული თვალსაზრისითაც, ჩვენ გვჭირდება საქართველოს ჩართულობა ამ სიტუაციაში. მადლობას ვუხდი ბატონ პრემიერს, რომ მზად არის დახმარება აღმოგვიჩინოს ამ საკითხთან მიმართებით და გვთავაზობს მის როლს, როგორც ფასილიტატორის როლს. ეს არის ქვეყანა, რომელიც მზად არის და ჩვენ იგივეს ველით სომხეთისგანაც, თუ სომხეთი თანხმობას განაცხადებს, ჩვენ მყისიერად დავიწყებთ, შესაბამისი უწყებების საშუალებით, ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებს აქ, საქართველოში”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.