სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, არ დასწრებოდა დღევანდელ ღონისძიებას. ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოხდა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
“დღეს ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ საქართველოს პრეზიდენტი მობრძანებულიყო საგარეო საქმეთა სამინისტროში და როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ისე პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართეს ჩვენს ელჩებს, მასაც მიემართა ჩვენი დიპლომატებისთვის. სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, არ დასწრებოდა დღევანდელ ღონისძიებას. ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოხდა. ვფიქრობ, ამ ფორმატში პრეზიდენტის მობრძანება და მონაწილეობა იქნებოდა ყველასთვის ძალიან ღირებული, მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, დღეს ალბათ ჩვენი მაყურებლისთვის არ იქნება საინტერესო ტექნიკურ დეტალებზე საუბარი, რომელიც არანაირ შედეგს არ მოიტანს და გაუგებარი იქნება ჩვენი მაყურებლებისთვის.
მინდა, ცალსახად ვთქვა, რომ დღეს ჩვენ ველოდებოდით საქართველოს პრეზიდენტს, ძალიან დიდი სურვილი მქონდა მე, როგორც უწყების ხელმძღვანელს, მას დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობა მიეღო. დარწმუნებული ვარ, ეს ტექნიკური საკითხები მალე აღმოიფხვრება და მომავალში პრეზიდენტი მსგავსი ტიპის შეკრებაზე მობრძანდება და მიმართავს საქართველოს დიპლომატებს.
დღევანდელი შეხვედრა ჩვენი ელჩების საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ძალიან შედეგიანი იყო. მათ მიიღეს პირდაპირი გზავნილები უმაღლესი თანამდებობის პირებიდან და მომავალში ეს ტრადიცია გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, მომავალში პრეზიდენტი მსგავსი ტიპის ფორმატში შემოგვიერთდება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.