ბალდის კანიონის პროექტმა ტურიზმის სფეროს წამყვან კომპანიებსა და ამ სექტორში მომუშავე ორგანიზაციებში დიდი ინტერესი გამოიწვია. სპეციალისტებს პროექტის დეტალები მისმა განმახორციელებელმა კომპანიამ გააცნო.
აღსანიშნავია, რომ ბალდის კანიონის პროექტი ეკოტურიზმის მიმართულებასაც მოიცავს. საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ილია ოქრომელიძის აზრით, პროექტის დადებითი მხარეების გამოსაკვეთად, გარკვეული კვლევები და სპეციალისტების მაქსიმალური ჩართულობაა საჭირო. როგორც ოქრომელიძემ განაცხადა, მისი ორგანიზაცია მზადაა, მიიღოს მონაწილეობა პროექტის განხორციელებაში.
“კარგია, რომ კომუნიკაცია შედგა. კომპანიის წარმომადგენლებმა გაგვაცნეს პროექტის დეტალები, თუმცა არის საკითხები, რომლებიც, მეტი სიცხადისთვის, ალბათ, დამატებით კვლევებს საჭიროებს, რათა ყველა დაინტერესებულმა მხარემ ნათლად დაინახოს, რა დადებითი ან უარყოფითი გავლენა ექნება პროექტს როგორც ბუნებრივ, ასევე სოციალურ გარემოზე. ამ კვლევების შემდეგ უფრო ნათლად გამოჩნდება პროექტის დადებითი ღირებულება. შესაბამისად, კარგი იქნება, რაც უფრო მეტი ექსპერტი და დაინტერესებული მხარე ჩაერთვება პროცესში. კომუნიკაციას, განსაკუთრებით ეკოტურისტული პროდუქტების შექმნის დროს, ალტერნატივა არ გააჩნია. ეს პროექტის მდგრადობისთვის და მაღალეფექტიანობისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენი ორგანიზაციაც მზად არის, კონსულტაციების დონეზე, დავეხმაროთ როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ისე – პროექტის განმახორციელებელ კომპანიას“, – განაცხადა ილია ოქრომელიძემ.
საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოსაზრებით, შესაბამისი კომპონენტების დაცვის შედეგად, კანიონის განვითარების პროექტი სარგებელს ადგილობრივ მოსახლეობასაც მოუტანს.
“ნებისმიერი ეკოტურისტული პროდუქტი თავის თავში გულისხმობს იმას, რომ ადგილობრივები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი მომსახურების სხვადასხვა ეტაპზე. გათვალისწინებული უნდა იყოს გარემოს კონსერვაცია და ინტერპრეტაციის გზით, ტურისტს მოგზაურობის დროს გარემოს მაქსიმალურად შემეცნება უნდა შეეძლოს. თუ ეს კომპონენტები დაცულია, ადგილობრივებისთვისაც სასარგებლოა, რადგან უმჯობესდება სოციალური გარემო და მოსახლეობა ტურისტებს სხვადასხვა პროდუქტს სთავაზობს“, – განაცხადა ილია ოქრომელიძემ.
ბალდის კანიონის პროექტზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კანიონი 350“ მუშაობს. მიმდინარე პროექტი დაცული ტერიტორიების სააგენტომ შეიმუშავა და 2022 წელს ტენდერი გამოაცხადა. კომპანიას ხეობის 2500-მეტრიანი მონაკვეთის ნაწილი – 500 მეტრის სიგრძის მონაკვეთი – 40-წლიანი იჯარით, კონკრეტული ეკოტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად გადაეცა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით, კომპანიამ აიღო ვალდებულება, მთის გაყოლებაზე მოაწყოს 400 მეტრის სიგრძის ვიწრო საფეხმავლო ბილიკი, ასევე 370 მეტრზე მოეწყობა როლერის ატრაქცია, რომლის მეშვეობითაც, დამთვალიერებელი კანიონის იმ ნაწილს გაივლის, რომელიც აქამდე მიუწვდომელი იყო და ადამიანი იქ ფიზიკურად ვერ მოხვდებოდა. ეს იქნება პირველი როლერის ატრაქცია საქართველოში. შესაბამისად, ბალდის კანიონი პირველად გახდება სრულად ხელმისაწვდომი და ვიზიტორებიც პირველად მიიღებენ როლერით დათვალიერების დაუვიწყარ შთაბეჭდილებას.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელებული პირველი პროექტი საქართველოში, სადაც შშმ პირები თავისუფლად შეძლებენ ისარგებლონ ადგილზე მოწყობილი ინფრასტრუქტურით, როგორც ბილიკებით, ასევე როლერის ატრაქციით.