პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მეგი ბარქაძე კლინიკაში შეყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო.
მისივე თქმით, კლინიკამ პაციენტის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა.
„ამ მტკივნეულ და სენსიტიურ თემასთან დაკავშირებით არ ვაპირებდი განცხადების გაკეთებას, მაგრამ მინდა, ყველამ იცოდეს სიმართლე. სიმართლეს არ წარმოადგენს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მეგი ბაქრაძე, 28 წლის, რომელიც ჩვენს კლინიკაში შემოიყვანეს 18 მარტს, 19:45 საათზე, იყო მიცვალებული. ეს არის სიცრუე. მინდა, ოჯახს მივუსამძიმრო და გამძლეობა ვუსურვო.
ქალბატონი მეგი შემოიყვანეს 19 საათსა და 45 წუთზე ჩვენს კლინიკაში. ის იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ჰემოდინამიკა იყო მკვეთრად არასტაბილური. ეს იმას ნიშნავს, რომ წნევის ამწევი პრეპარატების გარეშე ვერ ინარჩუნებდა ჰემოდინამიკას. პაციენტი ჩემ მიერ იყო გასინჯული. დაფიქსირდა ჰემოდინამიკის მკვეთრი მოშლა. ეს არ ნიშნავს, რომ ის იყო გარდაცვლილი. სიკვდილი დგება, როდესაც გული ჩერდება. კლინიკაში შემოყვანისას პაციენტს ჰქონდა გულისცემა, არტერიული წნევა შენარჩუნებული იყო მეგადოზებით. რაც შეეხება მდგომარეობას, იყო კრიტიკული, შეუქცევადი.
ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია, განსაკუთრებით, როცა ახალგაზრდა იღუპება ამ პერიოდში, რასაც პანდემიასთან ბრძოლა ჰქვია. მას უნდოდა სიცოცხლის გადარჩენა. ვაქცინაციის შედეგად სავარაუდოდ, გამოწვეულმა პრობლემებმა მიიყვანა სიკვდილამდე, ეს დიდი ტრაგედიაა ქვეყნის და ჩვენთვის. ყველამ უნდა იცოდეს ჭეშმარიტება, ჭეშმარიტება არის ის, რომ ყველაფერი გააკეთა კლინიკამ, რომ პაციენტის სიცოცხლე შენარჩუნებულიყო.
მინდა, განვმარტო, რომ პაციენტს ასევე ჩაუტარდა ინსტრუმენტული კვლევები, სადაც ფიქსირდება, რომ თავის ტვინში იყო ელექტრული აქტივობა, რაც მიუთითებს, რომ პაციენტი კლინიკაში ცოცხალი იყო შემოყვანილი. ასევე, ელექტროკარდიოგრამაზე ფიქსირდება გულისცემის სიხშირე და რითმი. მედიცინაში სიკვდილი დგება, როდესაც ჩერდება გული, მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, პაციენტი იყო ცოცხალი“, – განაცხადა ლევან რატიანმა.