“საქართველოს საგარეო ვაჭრობაში აისახება ის პოზიტიური ძვრები, რაც მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაში ბოლო თვეებში აღინიშნება. ექსპორტი 2021 წლის ივნისში გაიზარდა 30.1 პროცენტით, მათ შორის ადგილობრივი ექსპორტი – 33.7 პროცენტით. ივნისში ექსპორტის 73.5 პროცენტი ადგილობრივ ექსპორტზე მოდიოდა (შესაბამისად, 349.3 მლნ. აშშ დოლარი და 256.7 მლნ. აშშ დოლარი). 2021 წლის ივნისის ექსპორტი აბსოლუტური სიდიდით თვეების მიხედვით მესამე ადგილზეა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი – მეორეზე,“ – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ, რომელმაც ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული 2021 წლის ივნისის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკური მაჩვენებლების შესახებ.
ექსპერტის განცხადებით, 2021 წლის ივნისის ექსპორტი არა მარტო აღემატება წინა წლის ივნისის, არამედ პანდემიანდელი, 2019 წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელსაც, როგორც მთლიანად (+12.5%), ისე განსაკუთრებით – ადგილობრივი ექსპორტის მოცულობით (+40.4%). იგივე დასტურდება მთლიანად 2021 წლის პირველი ნახევრის შედეგების მიხედვითაც – 2021 წლის იანვარ-ივნისში დაფიქსირებული მთლიანი ექსპორტი (1884.7 მლნ. აშშ დოლარი) აღემატება 25.2 პროცენტით – 2020 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს და 5.3%-ით – პანდემიანდელი, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს; ადგილობრივი ექსპორტი (1377.6 მლნ. აშშ დოლარი) კი, შესაბამისად – 27.6 პროცენტით და 24.0 პროცენტით.
იოსებ არჩვაძის ინფორმაციით, 2021 წლის ივნისში რეექსპორტის (92.6 მლნ. აშშ დოლარი) წილად მოდიოდა იმპორტის (837.2 მლნ. აშშ დოლარი) 11.1 პროცენტი, რაც 0.7 პუნქტით უსწრებს წინა წლის დონეს (10.4%) და ადასტურებს საქართველოს მზარდ საკომუნიკაციო-სატრანზიტო და საგადასახადო გარემოს მომხიბვლელობას საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში.
“მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველომ არა თუ დაიბრუნა პანდემიანდელი სეგმენტი მსოფლიო ბაზარზე, არამედ საგრძნობლად გააფართოვა იგი. შედეგად – წინა წელთან შედარებით სავაჭრო დეფიციტი 2.0 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და 39.2 პროცენტი შეადგინა. 2021 წლის პირველ ნახევარში ექსპორტში მიღწეული რაოდენობრივი ზრდის ფონზე განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ექსპორტის მკვეთრი ზრდა იმ ქვეყნებში, რომლებიც, ერთი მხრივ, საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორები არიან და მეორე მხრივ, ვისთანაც საქართველოს ტრადიციულად საგრძნობი უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს. კერძოდ, 2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ექსპორტი გაიზარდა წინა წლის შესაბამის პეროდთან შედარებით: აშშ-ში – 79.1%-ით, უკრაინაში – 65.3%-ით, თურქეთში – 61.1%-ით, ჩინეთში – 40.7%-ით, რუსეთში – 40.2 პროცენტით. დასახელებულ ქვეყნებზე მოდის საქართველოს მთლიანი ექსპორტის თითქმის ნახევარი (48.9%) და ადგილობრივი ექსპორტის თითქმის 3/5 (58.5%)“, – განაცხადა იოსებ არჩვაძემ.
“ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო თვეებში საქართველოს ეკონომიკამ არა მარტო დაძლია პანდემიით მიყენებული ზარალის მასშტაბები, გაზარდა ექსპორტის მოცულობა, არამედ არსებითად გააუმჯობესა მისი ასორტიმენტიც. რეექსპორტის საგრძნობმა ზრდამ დაადასტურა ქვეყნის ტრანზიტული, საშუამავლო და კომუნიკაციური ფუნქციის ეფექტიანობის ამაღლება. აღნიშნული შედეგები მიღწეულია ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის, ანტიკრიზისული და ბიზნესის მხარდაჭერის, მათ შორის მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის საერთაშორისო ბაზარზე უფრო მყარად დამკვიდრებისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად“, – განაცხადა იოსებ არჩვაძემ.