საქართველოში ვიზიტით სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი იმყოფება. კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი მასპინძლობს. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, თავდაცვის მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა მეზობელ ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის იანვარში ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
გაფართოებულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებებს შორის 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული მიმართულებები განიხილეს. აღნიშნული დოკუმენტი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წელს გაფორმდა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაატა პატიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები – გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ასევე, სომხეთისა და საქართველოს ელჩები დაესწრნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალთან პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სომხეთის თავდაცვის მინისტრის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.