ჩვენი ყოველი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაციას, მოდერნიზაციას და განვითარებას ისახავს მიზნად, რათა საქართველო დავაბრუნოთ ევროპულ ოჯახში, იქ – სადაც ეკუთვნის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის მიერ ორგანიზებული ფორუმის ფარგლებში სამუშაო პანელზე − „სატრანსპორტო დერეფნები” − სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ის მთავარი მომხსენებელი იყო.
პრემიერმა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლაზე ისაუბრა.
“მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლაზე მინდა ვისაუბრო. ჩვენი მთავრობის მნიშვნელოვანი მიღწევები, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, ადასტურებს ჩვენს გეოპოლიტიკურ პრიორიტეტს – გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. გასული წლის ივნისში საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ახალი ფურცელი გადაშალა ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობაში. ბოლო გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ქართველების თითქმის 90 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.