მოვისმინე ძალიან ბევრი კარგი ინიციატივა და ახალი იდეები, რომელიც არსებობს საბჭოში და ამის თაობაზე გვქონდა საუბარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ, უზენაეს სასამართლოში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრა იყო დახურული და საუბრის შინაარსი ვერ გასაჯაროვდება, თუმცა მოისმინა შემაშფოთებელი ინფორმაციაც გარკვეულ ჩარევებსა და ზეწოლებზე, რაც აბსოლუტურად მიუღებელია.
“პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეს იყო დახურული შეხვედრა ამიტომ ბუნებრივია ჩვენი საუბრის შინაარსს მე ვერ გაგიზიარებთ. მე მოვისმინე ძალიან ბევრი ინფორმაცია, მათ შორის შემაშფოთებელი მე ვიტყოდი, იყო ინფორმაცია გარკვეული ზეწოლის, ჩარევების შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ხაზმგასმით მინდა აღვნიშნო რომ არის აბსოლუტურად მიუღებელი და ასევე მოვისმინე ძალიან ბევრი კარგი ინიციატივა და ახალი იდეები, რომელიც არსებობს საბჭოში და ამის თაობაზე გვქონდა საუბარი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე – მიიღო თუ არა დიმიტრი გვრიტიშვილისგან ინფორმაცია ზეწოლაზე, მთავრობის მეთაურმა ასე უპასუხა:
“მე გიდასტურებთ, რომ მივიღე ეს ინფორმაცია. ამის თაობაზე მოგახსენებთ მოგვიანებით. მივიღე ინფორმაცია, მოვისმინე ბატონი დიმიტრისგან, სხვა მოსამართლეებისგან, საბჭოს წევრებისგან. ეს იყო დახურული შეხვედრა, მე ამ ფაქტებზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მოვა დრო და ამას საზოგადოება გაიგებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.