არ არსებობს ცალკე აღებული არც ხაზარაძე, არც სხვა რეალური ნამდვილი ოპოზიცია, ეს არის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დანაყოფები, სატელიტები – როგორც გინდათ, ისე მოიხსენიეთ ეს ადამიანები. მინდა გითხრათ, რომ ოპოზიცია ემზადება სრული კრახისთვის და მორიგი წაგებისთვის, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რომ როდესაც საუბარია ოპოზიციაზე, საუბარია ყველაზე ანტიეროვნულ ძალაზე, რომელსაც მძიმე წარსული აქვს.
“როცა ჩვენ ვსაუბრობთ ოპოზიციაზე, მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ჩვენ საუბარი გვაქვს ყველაზე ანტიეროვნულ, ანტიქართულ მოვლენაზე, რომელმაც ყველაზე დიდი უბედურება დამართა ჩვენს ქვეყანას – ეს არის აგვისტოს ომი და ოკუპაცია, ჩვენი ტერიტორიების 20% ჩააბარა რუსეთს და გაწირა ჩვენი ხალხი ამ ომისთვის. გარდა ამისა, ყველამ კარგად იცით მათი მემკვიდრეობა, ეს არის წამება, არაადამიანური მოპყრობა, საშინელი ტერორი და ა.შ. – ამ ყველაფრის მონაწილე იყო ბატონი ხაზარაძე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.