ჩვენ არ დავუშვებთ, ვიღაც არარაობებმა და ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ მოქმედმა მტრებმა ქვეყანაში რაიმე ტიპის არეულობა შემოიტანონ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ქვეყნის სპეცსამსახურები ვითარებას აკონტროლებენ.
“რაც შეეხება სუსის განცხადებას, მინდა, გამოვეხმაურო ამ საკითხს, ეს არის ძალიან სერიოზული განცხადება. სუსს აქვს იმაზე მეტი ინფორმაცია, რაც ამ ეტაპზე მიზანშეწონილად იქნა ჩათვლილი, რომ გაზიარებულიყო საზოგადოებისთვის. ახალი ამბავი არ არის, რომ გარკვეული რადიკალური ჯგუფები დესტაბილიზაციას, არეულობას და ქაოსის შემოტანას ცდილობდნენ და ცდილობენ. ეს ადამიანები, ვგულისხმობ ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილის და მისი რადიკალური, ანარქისტული ჯგუფების ჩართულობით გარკვეული არეულობის მოწყობის მცდელობას საქართველოში. მათ ეს არასოდეს არ გამოუვიდათ, არც გამოუვათ. მინდა, მტკიცედ და ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ ჩვენ არ დავუშვებთ, ვიღაც არარაობებმა და ქვეყნის მტრებმა, ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ მოქმედმა მტრებმა ქვეყანაში რაიმე ტიპის არეულობა შემოიტანონ, ყველა სამაგალითოდ დაისჯება. ეს დაიმახსოვროს ყველამ კარგად. სუსი და ჩვენი სპეცსამსახურები აკონტროლებენ სიტუაციას. ყველა, ნებისმიერი გადაცდომა იქნება გამოკვეთილი, დაფიქსირებული და ამაზე იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.