“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ქვემო ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსთავში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირაკლი შატაკიშვილი, ალექსანდრე დალაქიშვილი, ზაურ დარგალი, გოდერძი ჩანქსელიანი, სავალან მირზოევი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში გიორგი დოხტურიშვილი და ქალაქ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.
“დღეს კარგი შეხვედრა გვქონდა ქალაქ რუსთავში. შევხვდით ქვემო ქართლის პარტიის აქტივს. ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე, მიმდინარე მოვლენებზე, რაც მიმდინარეობს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, მთავარი განსახილველი თემა იყო მოახლოებული არჩევნები. ჩვენი პარტია უნდა მოემზადოს ძალიან ძლიერად, რომ ძლიერი შედეგი დავდოთ ამ არჩევნებზე. ეს იყო მთავარი თემები. ასევე, ვისაუბრეთ რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. ჩემი ინფორმაცია გავუზიარე და ანალიზი წარვუდგინე საზოგადოებას, ჩვენს პარტიას. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ხალხი ძალიან სწორად აფასებს მოვლენებს. პირველ რიგში, მინდა მადლიერება გამოვხატო ჩვენი პატრიარქისადმი, რომელმაც ეს ინიციატივა დაამკვიდრა, ოჯახის სიწმინდის დღე შემოიტანა და დაამკვიდრა ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამით გამოჩნდა, თუ სად დგას ჩვენი ხალხი, სად დგას ქართული საზოგადოება, როგორ ღირებულებებზე, როგორ ფესვებზე არის დამოკიდებული ჩვენი ხალხის მდგრადობა, ზოგადად ჩვენი ქვეყნის სიძლიერე. შემთხვევითი არ იყო ის, რომ ოჯახის სიწმინდის იდეამ გააერთიანა მთელი საზოგადოება და ამიტომ, მე მივესალმები გუშინდელ დღეს და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პატრიარქს ამ ძალიან მნიშვნელოვანი, ეროვნული ინიციატივისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. ქვემო ქართლის გარდა, შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, შიდა ქართლისა, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის მხარეში.
ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება.