შეუძლებელია არ შეგეცოდოს და არ გაბრაზდე, როდესაც ხედავ, რომ მთელი სახელმწიფო სისტემა ემსახურება საარჩევნო ხმებს და არა მოქალაქეებზე ზრუნვას, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ხვადაგიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი წააგავს საბჭოთა კავშირის დროინდელ რეჟიმს.
“შეუძლებელია არ შეგეცოდოს და არ გაბრაზდე, როდესაც ხედავ, რომ მთელი სახელმწიფო სისტემა, სტრუქტურა, უაღრესად გაბერილი ბიუროკრატია ემსახურება მხოლოდ ლოიალობას, საარჩევნო ხმებს და არა მოქალაქეებზე ზრუნვას, ეს არის შედეგი გადაგვარებული ხედვისა სახელმწიფოს მხრიდან, როდესაც ყველაფერი ემორჩილება ლოიალობას, საარჩევნო ხმას, რომელიც არის ნაყიდი ან შიშით და ზეწოლით მიღებული. ეს ყველაფერი ძალიან წააგავს საბჭოთა კავშირის რეჟიმს, როდესაც, ყოველ წელს, რუტინულად გამოჰყავდათ საჩვენებლად ადამიანები, რომ ეზეიმათ ბედნიერება, აღმშენებლობა მშვიდობა, რაც ზუსტად ერთი ერთში გადმოკოპირებული მესიჯია საბჭოეთიდან, რომ ბოროტი დასავლეთი არის ბირთვული ომის გამჩაღებელი და საბჭოთა კავშირი არის გარანტი მშვიდობისა. ზუსტად იგივე, პრიმიტიული მეთოდებით ცდილობენ ახლაც და გასაგებია, რომ რიტორიკაც იგივე სახის აქვთ”, – განაცხადა ირაკლი ხვადაგიანმა.
გუშინ, თავისუფლების მოედანზე “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.