“ქალბატონ ლორა თორნტონს მინდა ვუთხრა, რომ თუ ვინმე დასუსტებული და შერცხვენილია, ის ძალები არიან, რომელსაც ის წარმოადგენს და მისი აგენტურული ქსელი, რომელიც აქ მოქმედებს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით. ამ ქსელების დიდი ლუსტრაცია მიმდინარეობს, რასაც მთელი მსოფლიო ადევნებს თვალყურს. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში მიმდინარეობს ლუსტრაცია იმ არარჩეული ბიუროკრატების, „დიფ სთეითის“ პოლიტიკოსების, რომლებიც სამწუხაროდ, დღეს მსოფლიო პოლიტიკაში ავანსცენაზე გვევლინებიან“, – ასე გამოეხმაურა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის ლორა თორნტონის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას.
როგორც ირაკლი კირცხალიამ აღნიშნა, ლორა თორნტონი თავის სტატიაში წერდა, რომ ღამის პროტესტიდან დღის სტადიაზე გადასვლა, ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო დაუმორჩილებლობა და გაფიცვები, ნარჩენების არ გატანა, ბანკის მოლარეების სამუშაოზე არ მისვლა, სატვირთო მანქანების მძღოლების სახლში დარჩენა, ეკონომიკის პარალიზებას მოახდენდა და „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლას მნიშვნელოვნად გააძლიერებდა.
„ორი კვირის წინ, როდესაც ამ ადგილიდან ვსაუბრობდი ქვეყნის ძირითად ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, ქვეყანაში მიმდინარე თუ დაგეგმილ უმნიშვნელოვანეს პროექტებზე და ვამხელდი იმ აგენტურულ ქსელს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით და მათ პატრონებს იმ ბოროტ ზრახვებში, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური დესტაბილიზაციისკენ, თურმე, სწორედ იმ წუთებში ქვეყნდებოდა და მზადდებოდა ღია წერილი თუ ინსტრუქცია – ამ აგენტურული ქსელის სამოქმედო გეგმა. წერილში აღწერილია თუ როგორ უნდა მოხდეს ნაბიჯ-ნაბიჯ ქვეყანაში ეკონომიკის დანგრევა, ის დესტრუქცია, რასაც ბოლო თვეები და წლებია ვხედავთ, არ გაგიკვირდებათ და ამ წერილის ავტორი გახდა ქალბატონი ლორა თორტონი, დღეს უკვე „მაკკეინის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი რეგიონში და ჩვენთან, აქაური სტიპენდიატების, ასე ვთქვათ, უფროსი და დავალებების მიმცემი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.