ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მისია, სტრატეგიული ფუნქცია და ახალი რეალობის ფონზე, რაც შეიქმნა ზოგადად რეგიონში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია, თვისებრივად გავაძლიეროთ ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქცია, სატრანზიტო ფუნქცია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სწორედ სწორედ, ამას ემსახურება დაანონსებული ინფრასტრუქტურული პროექტები.
“ჩვენ გვაქვს სისტემური მიდგომა, ზუსტად ვიცით, წლიდან წლამდე რა უნდა გაკეთდეს ჩვენი ქვეყნის პოზიციების გასაძლიერებლად. ეს ეხება ავტოსაგზაო მაგისტრალებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებას, ეს ეხება რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტს, ანაკლიის პორტის განვითარებას, ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ 4 წლის თავზე ქვეყანას ექნება სრულიად განსხვავებული, ბევრად უფრო ძლიერი პოზიციები რეგიონში, ვიდრე აქვს დღეს. შესაბამისად, ამ პროექტების განხორციელებას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება”, – განაცხადა კობახიძემ.