არათუ საჭიროა, არამედ აუცილებელია შევიდეს ცვლილებები მედიის შესახებ კანონმდებლობაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, პრობლემა არის ის, რომ მედია არის საქართველოში ჩამოყალიბებული, როგორც პოლარიზაციის, სიძულვილის გაღვივების, სიცრუის ტირაჟირების მთავარი წყარო და ამას რეგულირება სჭირდება.
“რაც შეეხება შეზღუდვებს, ნახეთ, რა არის აქაც სასაცილო – ჩვენ ვთქვით, რომ დავაკოპირებთ ბრიტანულ მოდელს და ისე, რომ საერთოდ კანონპროექტიც არ არის ინიციირებული, ვიღაცები ლაპარაკობენ მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე. გამოდის, რომ დიდ ბრიტანეთში ყოფილა შელახული მედიის თავისუფლება, ეს ხომ უბრალოდ სასაცილოა.
რაც შეეხება ზოგადად პრობლემას, პირველ რიგში, პრობლემას ყველა აღიარებს. ეს პრობლემა, მათ შორის, ეუთო/ოდირის დასკვნებშიც არის აღიარებული წლების მანძილზე. პრობლემა არის ის, რომ მედია არის საქართველოში ჩამოყალიბებული, როგორც პოლარიზაციის, სიძულვილის გაღვივების, სიცრუის ტირაჟირების მთავარი წყარო, ამ პრობლემას ყველა აღიარებს. პოლარიზაცია, სიძულვილი, აგრესია, სიცრუე, ეს ყველაფერი არის დამახასიათებელი ქართული მედიალანდშაფტისთვის. ამას ხომ სჭირდება რეგულირება. თუ პრობლემა არსებობს, თუ დიაგნოზი არსებობს, რატომ არ უნდა განიკურნოს ქვეყანა ამ მძიმე სენისგან, რასაც ჰქვია კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ სიძულვილის, სიცრუის, აგრესიის და პოლარიზაციის გაღვივება. თუ არსებობს დიაგნოზი, თუ ვიცით, რომ არის კონკრეტული სენი, რაც სჭირს ქვეყანას, რატომ არ უნდა განიკურნოს ამ სენისგან? თუ ვინმე ამას უპირისპირდება, გამოდის, რომ მას აქვს კონკრეტული ინტერესი, რომ ქვეყანამ არ დაისვენოს, მუდმივად იცხოვროს პოლარიზაციის, სიძულვილის, სიცრუის რეჟიმში. რა თქმა უნდა, ეს არ შედის ქართული საზოგადოების ინტერესებში, ქართული საზოგადოების ინტერესებში შედის ამ ყველაფრის დარეგულირება და მოწესრიგება და სწორედ ამას მიეძღვნება ის კანონპროექტი, რომელიც დაინიციირდება აუცილებლად პარლამენტში”, – განაცხადა კობახიძემ.