ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ „დიფ სთეითი“ საბოლოოდ დამარცხდება აშშ-ში და ასეთ შემთხვევაში თავიდან ბოლომდე შეიცვლება მიდგომა საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, არავის უნდა იმის გასაჯაროება, რომ აშშ-ის ყოფილი ხელისუფლება აფინანსებდა საქართველოში რევოლუციურ პროცესებს და არეულობას.
“არავის მოუნდება ისეთი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება, როგორიც იყო კანვასის ტრენინგი. გახსოვთ, მაშინ განსაკუთრებით შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებს უტარებდნენ ტრენინგებს USAID-ის დაფინანსებით, კონკრეტულად რევოლუციურ პროცესებთან დაკავშირებით, როგორ უნდა მიეყენებინათ ბულდოზერი სამთავრობო შენობებზე, ასეთ დეტალებზე იყო იქ საუბარი. რა თქმა უნდა, არავის უნდა ასეთი დეტალების გასაჯაროება, არავის არ უნდა იმის გასაჯაროება, რომ აშშ-ის ყოფილი ხელისუფლება აფინანსებდა ჩვენს ქვეყანაში რევოლუციურ პროცესებს და არეულობას. რეალურად იყო რევოლუციის 4 მცდელობა ამ 4 წლის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ „დიფ სთეითი“ საბოლოოდ დამარცხდება აშშ-ში და ასეთ შემთხვევაში თავიდან ბოლომდე შეიცვლება მიდგომა საქართველოს მიმართ. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია, განვაცხადოთ, რომ ძალიან გვინდა მჭიდრო თანამშრომლობა ახალ ადმინისტრაციასთან, უფრო მეტიც, ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან განახლება კონკრეტული გზამკვლევით, სადაც იქნება ასახული კონკრეტული შედეგები, როგორც ერთი, ასევე მეორე მხარისთვის, ამისათვის ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ“, – განაცხადა კობახიძემ