ეს შანტაჟია, რომელიც გრძელდება უკვე სამი წელია, უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად დაიწყო ეს შანტაჟი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე მსჯელობას შეეხებოდა.
მისი თქმით, ეს არავისთვის არის საინტერესო და უბრალოდ არის სამწუხარო რეალობა.
“ჯერ იყო დე ფაქტო სანქციები, ახლა უკვე ფორმალური სანქციებით მუქარა და შანტაჟი. ეს არავისთვის არ არის საინტერესო, უბრალოდ არის სამწუხარო რეალობა, რასაც ხაზი უნდა გაესვას.
ეს შანტაჟი დაიწყო 3 წლის წინ უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად, თქვენ იცით, რომ კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდათ ჩვენ მიმართ და მათ შორის კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდათ ბიძინა ივანიშვილის მიმართ. შანტაჟი უკავშირდებოდა ამ ყველაფერს, თუმცა უშედეგო იყო ეს შანტაჟი, გამომდინარე იქიდან, რომ არც ბიძინა ივანიშვილი, არც ხელისუფლება მთლიანად, არავითარ შემთხვევაში არ გადადგამდა არავითარი შანტაჟის პირობებშიც ისეთ ნაბიჯს, რომელიც პირდაპირ ნიშნავდა ქვეყნის განადგურებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.