კლიმატის ცვლილებების შესახებ კონფერენციაზე საქართველო მიზნად ისახავს, განამტკიცოს ენერგეტიკული და კლიმატური მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში გამართული მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე – Energy: Advancing Climate Mitigation Action -განაცხადა.
მისი თქმით, განვითარებადი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, კლიმატის ცვლილების შესახებ კონფერენცია მნიშვნელოვან მხარდაჭერას უზრუნველყოფს.
“ეროვნული სამოქმედო გეგმის, ისევე როგორც ინტეგრირებული ენერგეტიკული და კლიმატური ცვლილების გეგმის თანახმად, ერთგულნი ვრჩებით იდეისადმი, რომლის თანახმად ჯამური გამომუშავების 27.4 პროცენტი განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იქნება მიღებული, სათბური აირების ემისია 47 პროცენტით შემცირდება, ხოლო ენერგოეფექტურობა 2030 წლამდე პერიოდში გაუმჯობესდება.
განვითარებადი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, კლიმატის ცვლილების შესახებ კონფერენცია მნიშვნელოვან მხარდაჭერას უზრუნველყოფს, რადგან გვაძლევს პარტნიორების ტექნიკურ და ფინანსურ რესურსებზე წვდომას. მათ შორისაა მსოფლიო ბანკი. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი განახლებადი ენერგიის პროექტების დაჩქარებას, შესაძლებლობების გაძლიერებას და ევროკავშირის სტანდარტებთან ნახშირბადის ფასების დაახლოებას. ამ ძალისხმევის განხორციელებით, გლობალური ენერგეტიკული გარდაქმნისა და ემისიების შემცირების იდეისადმი საქართველო სრულ ერთგულებას გამოთქვამს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.