ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო, მაგრამ ამასთან ერთად ვართ ღირსების მატარებელი სახელმწიფო და ხელისუფლება, თუ იქნება ღირსეული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი მხრიდან არის სრული ღიაობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ჩაერთო საარჩევნო კამპანიაში და ერთ-ერთი პირველი, რაც გააკეთა ახალმა საგარეო საქმე მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, იყო ის, რომ ხელი გაუწოდა ევროკავშირის ელჩს, მოითხოვა შეხვედრა.
“ამხელა უხეში ჩარევის, საარჩევნო პრინციპების დარღვევის მიუხედავად, საერთაშორისო ვენის კონვენციის დარღვევის მიუხედავად, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რაც გადაიდგა, ჩვენი მხრიდან, კონკრეტულად საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან, იყო ის, რომ ამ კაცს დაუძახა, რომელიც უხეშად ერეოდა არჩევნებში ჩვენს წინააღმდეგ, დაუძახა და ელაპარაკებოდა რაზე – საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა ამისათვის. რაც შეეხება რეფორმების რეკომენდაციებს, საერთოდ არავინ არაფერი რომ არ მოითხოვოს, ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმება, ასოცირების დღის წესრიგი და განვაგრძობთ ამ რეკომენდაციების შესრულებას, რეფორმების გატარებას, ოღონდ არა ცესკოს დათმობას კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“, არამედ, რეალური ჯანსაღი რეფორმების გატარებას. ამით ვართ მუდმივად დაკავებული. ჩვენი მხრიდან არის სრული ღიაობა, მიუხედავად იმ მძიმე პროცესებისა, რაც გამოვიარეთ, არა მარტო აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მხრიდან, არამედ ევროკავშირის ჩინოვნიკების მხრიდან. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ყველაფრის გათვალისწინებით, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ ვართ პატარა სახელმწიფო – ყველაფერს უნდა გავუწიოთ ანგარიში – ვართ პატარა, მაგრამ ამასთან ერთად ვართ, რა თქმა უნდა, ღირსების მატარებელი სახელმწიფო და შესაბამისად – ხელისუფლება. თუ იქნება ღირსეული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ და არა ის, რომ ომში მოსთხოვო ჩართვა და სანქციების დაწესება, რომელიც უკან შემოგიბრუნდება 10%-იანი ეკონომიკური ვარდნით და არა კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ ცესკო-ს გადაცემა და ა.შ. თუ იქნება განსხვავებული, ღირსეული დამოკიდებულება, ჩვენი მხრიდან არის სრული ღიაობა. რა თქმა უნდა, გამოწვევები არის სერიოზული, კომუნიკაცია არის შეზღუდული, ეს არ იყო ჩვენი გადაწყვეტილება, ყველა ეს უხეში გადაწყვეტილება მიიღებოდა ევროპელი ჩინოვნიკების მხრიდან. ბევრ სუბიექტთან ვართ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ სთხოვდა საქართველოს ომში ჩართვას.
“გაიწვიეს საკუთარი ელჩი ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში და კინაღამ რევოლუცია მოგვიწყვეს მაგის საფუძველზე. ახლა ვიღაცები რომ ამბობენ, ჩვენ არ ვითხოვდით სანქციების დაწესებას, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას, როდესაც მიიღო ეს გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლებამ ელჩის გაწვევის თაობაზე, პირდაპირ დაასახელა ორი საბაბი – ერთი იყო სანქციების არდაწესება და მეორე იყო მებრძოლი მოხალისეების არგაგზავნა ჩვენი მხრიდან უკრაინაში. ეს ხომ არ არის პოლიტიკური საკითხი, რომ ოპოზიციას უნდა შენ გაგაკრიტიკოს და ნებისმიერ შემთხვევაში გაკრიტიკებს, ეს ხომ ეროვნული საკითხი იყო. ასეთ მძიმე ვითარებაში გამოდის უკრაინის ხელისუფლება, ომში ჩართული ხელისუფლება, რომლის გარშემოც არის კონცენტრირებული ყურადღება და ამ ორი საბაბის დასახელებით, იღებს გადაწყვეტილებას ელჩის გაწვევის თაობაზე. ერთი ადამიანი გამოვიდა და მხარში დაგვიდგა ჩვენ კი არა ხელისუფლებას, სახელმწიფოს დაუდგა მხარში, როცა ასეთი მძიმე, უსამართლო დარტყმა მიაყენა უკრაინის ხელისუფლებამ ქართულ სახელმწიფოს? ვინმე გამოვიდა? ეს არის მათი სახე, ეს არის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის, ენჯეობის სახე და ეს არის კონკრეტული დიპლომატების სახე, რომლებიც მერე ცდილობდნენ ჩვენთვის ჭკუა ესწავლებინათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.