საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტ ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს, აღინიშნა EIB-ის მხარდაჭერის მნიშვნელობა ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის, განსაკუთრებით კი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სატრანსპორტო სექტორის მიმართულებებით.
“მთავრობის მეთაურმა EIB-ის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი ქვეყანას სტრატეგიული პროექტების განხორციელებაში უწევს.
თავის მხრივ, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა, რომ EIB-მა, როგორც ევროკავშირის ფინანსურმა ინსტიტუტმა, კვლავ განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით.
საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ მაჩვენებლებს და აღინიშნა, რომ არსებული ტენდენცია გრძელდება.
საქართველოში ოპერირების დაწყებიდან ევროპის საინვესტიციო ბანკმა საჯარო სექტორში 1,6 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.