“თავის დროზე, სადაც გვქონდა უარყოფითი გამოცდილება, ეს სფერო დაკავშირებული იყო უკანონო მოსმენებთან. ამ შემთხვევაში, საუბარია, კანონიერი მოსმენების რეგლამენტაციაზე და ეს აბსოლუტურად განსხვავებული საკითხებია. თუ უკანონო მოსმენა არის პრობლემა, საერთოდ არავითარი კანონი არ ჭირდება ამას და არ გიცავს რაიმე კანონი არსებითად’’, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონი არეგულირებს კანონიერ მოსმენების ფარგლებს. მისი განმარტებით, კანონის სრულ თანხვედრაშია ევროპულ და ამერიკულ სტანდარტთან, რაც დაადასტურა ვენეციის კომისიამ, ვინაიდან პროექტის შინაარსზე სამართლებრივი შენიშვნა არ ქონია.
“ამ შემთხვევაში, საუბარია, კანონიერი მოსმენების რეგლამენტაციაზე და არსებითად საქმე ეხება მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, ანუ ის, რომ უკანონო მოსმენებისთვის მოხდეს კანონიერი მოსმენის ინსტრუმენტების გამოყენება, ეს არის გამორიცხული. აქ, საქმე ეხება, კანონიერი მოსმენების მოწესრიგებას ნორმატიულ ჭრილში და ეს იყო ამის არსი. აქ მთავარი რა არის? როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ სამართლებრივ შენიშვნებზე, არის არსებული სამართლებრივი სტანდარტები ევროპაში, აშშ-ში, რომელიც გაძლევს შენ იმის დადგენის საშუალებას, თუ რა არის დასაშვები ფარგლები ამ ჩარევის, ესეც არის ჩარევა ადამიანის ძირითად უფლებებში. ამ ჩარევას აქვს თვისი დასაშვები ფარგლები. ჩვენ ვიდრე ამ კანონს მივიღებდით გავეცანით საერთაშორისო პრაქტიკას, ევროპულს, ამერიკულს და ვნახეთ, რომ ჩვენი სტანდარტი კანონის მიღების შემდეგაც კი, არის ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე ევროპის უამრავ ქვეყანაში და აშშ-ში. ზუსტად, ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ვენეციის კომისიამ ვერავითარი სამართლებრივი შენიშვნა ვერ დაწერა, ანუ რეალურად დადგინდა, ამით გაირკვა, რომ ბალანსი არის დაცული ადამიანის უფლებასა და სამართალდამცავი ორგანოების ინტერესებს შორის. კიდევ ერთხელ, გავიმეორებ, აქ საქმე ეხება კრიმინალებს, ანუ მძიმე კატეგორიის დამნაშავეებს და კანონიერ მოსმენებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.