კეზერაშვილს აღიარებული აქვს, რომ ის საქართველოში აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რაც, ბუნებრივია, შემაშფოთებელია, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მთავარია, რომ საზოგადოება გამოიტანს სათანადო დასკვნებს და ეს დასკვნები უნდა აისახოს გადაწყვეტილებებში, მათ შორის, 26 ოქტომბერს.
“კეზერაშვილს აღიარებული აქვს, რომ ის საქართველოში აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რაც, ბუნებრივია, შემაშფოთებელია. მას კანონის დარღვევაც აქვს ამით პირდაპირი ფორმით აღიარებული, მაგალითად არსად ჩანს, არსად არის დეკლარირებული პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, რაც მას რეალურად აღიარებული აქვს. ძალიან შემაშფოთებელია ის, რომ ეს ადამიანი ქართულ პოლიტიკას და საქართველოში პოლარიზაციას აფინანსებს იმ ფულით, რომელიც იშოვა ჯერ საქართველოში ჯარის ძარცვით, ბიზნესის ძარცვით, ახლა კი შოულობს უკვე ევროპაში, ევროპელი პენსიონერების ძარცვით. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთებელია და კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელი არის ის, რომ ეს კაცი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებში. ეს არის ძალიან სერიოზული კითხვა, რომელსაც საზოგადოებამ უნდა გასცეს პასუხი, მათ შორის, 26 ოქტომბერს. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი პრაქტიკა, ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობს ადამიანი, რომელიც ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, ძალიან სერიოზულ კითხვებს აჩენს ყველაფერთან დაკავშირებით, რაც კონკრეტულად ამ პიროვნებას უკავშირდება. მთავარია, რომ საზოგადოება გამოიტანს სათანადო დასკვნებს და ეს დასკვნები უნდა აისახოს გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა კობახიძემ.