საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერ კახა კალაძესთან და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად, ფიფას პრეზიდენტს ჯანი ინფანტინოს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ფეხბურთის ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.
საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს, მათ შორის, დაგეგმილი ახალი, საერთაშორისო სტანდარტების სტადიონის მშენებლობის საკითხს, რომელიც 70 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი. ასევე განიხილეს საქართველოს განაცხადი მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობაზე.
ჯანი ინფანტინომ, რომელიც საქართველოში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, ის ობიექტები მოინახულა, რომლებიც ფიფას დაფინანსებით შენდება.
ფედერაციის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს სიმბოლური საჩუქარი, ფიფას მაისური გადასცა.