სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის თანახმად უნდა იყოს ზეპარტიული, შესაბამისად, მისი მონაწილეობა პარტიულ შეკრებაში არის კონსტიტუციის მორიგი უგულებელყოფა, რაც მას შესაბამისად ახასიათებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მას არ აქვს არანაირი რესურსი, რომ რაიმე ცვლილება შეიტანოს არჩევნების შედეგებში.
“სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის თანახმად უნდა იყოს ზეპარტიული, შესაბამისად, მისი მონაწილეობა პარტიულ შეკრებაში არის კონსტიტუციის მორიგი უგულებელყოფა, რაც მას შესაბამისად ახასიათებს, თუმცა საბედნიეროდ, მას არ აქვს არანაირი რესურსი, რომ რაიმე ცვლილება შეიტანოს არჩევნების შედეგებში. რეალურად რადიკალურმა ოპოზიციამ, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ ერთი კვირით ადრე დაამთავრა არჩევნები. 100 000 გაყავით დაახლოებით 6-ზე, 7-ზე და მიიღებთ იმ რიცხვს, რომელიც არის რეალობა. რადიკალური ოპოზიციის პარტიები მანამდე ჭკვიანურად მიყვებოდნენ კამპანიას, ან არ ატარებდნენ ასეთ შეკრებებს, ან სკამებს დგამდნენ ხოლმე, რაც სწორი, პრაგმატული გადაწყვეტილება. სკამებით 2500 კაცი შეგიძლია დასვა და წარმოაჩინო ისე, თითქოს იქ არის 15 000 კაცი. იგივე ზუგდიდში, დაახლოებით იგივე რაოდენობა გვყავდა ჩვენ შეკრებილი, ერთ რეგიონში, რაც მთელმა რადიკალურმა ოპოზიციამ, ყველა პარტიამ ერთად, თავისი ენჯეოების ჩათვლით შეკრიბა თბილისში. ყველა დარწმუნდებით იმაში, თუ როგორია „ქართული ოცნების“ ძალა და როგორია მისი მხარდაჭერა“, – განაცხადა კობახიძემ.