ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება პარლამენტს, პარლამენტს სჭირდება სახალხო ლეგიტიმაცია, რომელიც ამ პარლამენტმა უკვე მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში “აქტუალური თემა” განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის ლეგიტიმაცია რომ სჭირდებოდეს რომელიმე პარლამენტს რომელიმე ქვეყანაში, ამ შემთხვევაში ვერც ერთი დემოკრატიული სისტემა ვერ იფუნქციონირებდა.
“მე მგონია, რომ ბოლოს ყველა შემოვა პარლამენტში. ეს არის ჩემი პროგნოზი, თუმცა საბოლოო ჯამში ამ პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ არავითარი რესურსი, მათ შორის ისინი პირველ რიგში პარლამენტს ვერავითარ სიკეთეს ვერ მოუტანენ. იმდენად დესტრუქციულები და რადიკალურები არიან თავის არსით, რომ მათი მონაწილეობა საპარლამენტო ცხოვრებაში მხოლოდ და მხოლოდ კონტრპროდუქტიული იქნება. წინა ოთხი წელი ყველას ახსოვს, ისინი მართალია, შემოვიდნენ პარლამენტში, მაგრამ ვერაფერი დადებითი ვერ მოუტანეს საპარლამენტო ცხოვრებას, მთლიანად იყო დესტრუქცია, მთლიანად იყო რადიკალიზმი, აქედან გამომდინარე თამამად შეიძლება ითქვას, რომ შემოვლენ ისინი პარლამენტში, თუ არ შემოვლენ, ამით არსებითად არაფერი შეიცვლება. მთავარი არის ერთი რამ – ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება პარლამენტს, პარლამენტს სჭირდება სახალხო ლეგიტიმაცია, რომელიც ამ პარლამენტმა უკვე მიიღო, როდესაც მილიონ 120 ათასი ადამიანი გამოვიდა, მხარი დაუჭირა მმართველ გუნდს, როდესაც მთლიანობაში ორი მილიონ 100 ათასი ადამიანი გამოვიდა და მხარი დაუჭირა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას, ამით შედგა უკვე პარლამენტის ლეგიტიმაცია. ოპოზიციის ლეგიტიმაცია რომ სჭირდებოდეს რომელიმე პარლამენტს რომელიმე ქვეყანაში, ამ შემთხვევაში ვერც ერთი დემოკრატიული სისტემა ვერ იფუნქციონირებდა, შესაბამისად, ყველაფერი არის ძალიან მარტივად. შემოვლენ, არ შემოვლენ ეს არის მათ გადასაწყვეტი. პარლამენტის ლეგიტიმაცია არის სახეზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციას დღეს არ აქვს ის რესურსი, რაც ჰქონდათ 4 წლის წინ.
“მაშინ მათ ჰქონდათ რესურსი, რომ ჩვენ იძულების ქვეშ დავმდგარიყავით, შევსულიყავით მოლაპარაკებებში, ხელი მოგვეწერა არასწორ შეთანხმებაზე. ეს იყო შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა კონსტიტუციური ჩარჩოდან ქვეყნის გასვლას. სამი ძირითადი მიზანი ჰქონდა მაშინდელ შეთანხმებას, ერთი ეს იყო სასამართლოზე ოპოზიციის გავლენის დაბრუნება – პირველი რაც აისახა მაშინდელი აპრილის შეთანხმებაში, მეორე იყო ცესკოზე ოპოზიციის კონტროლის უზრუნველყოფა, კონკრეტული მექანიზმები იყო ამასთან დაკავშირებით ჩადებული.
პარლამენტი რეალურად ვერ ირჩევდა ცესკოს თავმჯდომარეს, რადგან იყო საჭირო კვალიფიციური უმრავლესობა, შესაბამისად, ოპოზიციონერი მოადგილე ხდებოდა ავტომატურ რეჟიმში ცესკოს თავმჯდომარე. გარდა ამისა, კვალიფიციური უმრავლესობის გამო, პარლამენტი ვერ ირჩევდა ცესკოს სხვა წევრებს, ამის გამო, ოპოზიციის ხელში გადადიოდა ცესკოში უმრავლესობა. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რა მოხდებოდა ასეთ შემთხვევაში ანუ ოპოზიციის ხელში რომ ყოფილიყო ცესკოს უმრავლესობა და ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობა. ის საბოტაჟი, რასაც ცდილობენ ისინი პარლამენტში, მოხდებოდა ცესკოში და არჩევნებს დაუკავშირდებოდა. არჩევნები საერთოდ ვერ შედგებოდა იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია წააგებდა არჩევნებს. ამის შემდეგაც გაგრძელდა ზეწოლა ამ თემებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, სასამართლოზე კოლექტიური “ნაცმოძრაობის“ კონტროლის დაბრუნება იყო პირველი მიზანი, მეორე იყო ცესკოზე კოლექტიური “ნაცმოძრაობის“ კონტროლის უზრუნველყოფა და მესამე, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.
“მაშინ ჩვენ მოგვიწია 43-პროცენტიან ბარიერზე დათანხმება, რაც იყო სრული ნონსენსი, სრული აბსურდი. თვითმმართველობის არჩევნებს დაუკავშირდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხი, ამაზეც მოგვიწია დათანხმება. ეს სამი საკითხი გულისხმობდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ქვეყნის გასვლას. მაშინ იყო უფრო ძლიერი ოპოზიცია გამომდინარე იქიდან, რომ კონტექსტი იყო შესაბამისი, დღეს საერთოდ არაფრის რესურსი არ აქვთ, მათ შორის იმის გამო, რომ როგორც ცნობილია, ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ. ისინი ახლა ცდილობენ, შევიდნენ ერთ მდინარეში მეორედ, რაც უბრალოდ შეუძლებელი და გამორიცხულია, ამიტომ მათ უკვე გაისროლეს ის ტყვიები, რაც დღეს უნდა გამოეყენებინათ. 4 წლის წინ რაც ჰქონდათ არსენალში, ყველა ტყვია გახარჯეს, შესაბამისად, დღევანდელ საბოტაჟს მათი მხრიდან არავითარი ეფექტი არ აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.