ჩვენ მოვიწვიეთ საერთაშორისო მისიები საქართველოში, უცხოელ დამკვირვებლებს სრული შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი საქმიანობა განახორციელონ საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა, არჩევნების მთავარი შემფასებელია ქართველი ხალხი, თუმცა ამავდროულად, ხელისუფლებამ, არჩევნებზე დასაკვირვებლად ჯერ კიდევ თებერვალ-მარტში მოიწვია ეუთო/ოდირის და სხვადასხვა საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიები.
“ყველა მიმართულებით გვაქვს გაგზავნილი მოწვევა. უცხოელ დამკვირვებლებს სრული შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი საქმიანობა განახორციელონ საქართველოში. მათ შორის აქტიურობს NDI, IRI, მათ დამკვირვებლებისთვის ჩვენი ოფისების კარი არის ღია. მიდიან ნებისმიერ რეგიონში, სვამენ კითხვებს, იღებენ ინფორმაციას, სრული თანამშრომლობა გვაქვს უცხოელ პარტნიორებთან არჩევნებზე დაკვირვების მიმართულებით. რაც შეეხება კონკრეტულ ორგანიზაციებს, მათ შორისაა – ISFED, საერთაშორისო გამჭვირვალობა და ა.შ, რამდენიმე ძირითადი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ უნდა დააკვირდეს ობიექტურად ამ არჩევნებს, ისინი პირდაპირი ფორმით არიან ჩართული საარჩევნო აგიტაციაში. ისინი პირდაპირ ასახელებენ საარჩევნო სუბიექტებს და ასეთ დროს როგორ შეიძლება მათ განახორციელონ ობიექტური დაკვირვება. გარდა ამისა, მინდა შეგახსენოთ, რომ ISFED არის ორგანიზაცია, რომელმაც 4 წლის წინ, ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე გააყალბა პარალელური ხმის დათვლის შედეგები. პირდაპირ გააყალბა. ხელის გულზე იდო ეს ყველაფერი. ძალიან მარტივად ჩანდა. მეორე დღეს პირადად გავაკეთე ექსელის ცხრილი, სადაც გამოჩნდა, რომ ბათილი ბიულეტენები ჰქონდათ მითვლილი. ხელის გულზე იდო ყველაფერი იმავე წამს და 5 კვირა დაგვჭირდა, რომ მათ ეს გადაცდომა ეღიარებინათ. სინამდვილეში ეს იყო გაყალბება და ამიტომ არ აღიარებდნენ. რომ ყოფილიყო შეცდომა და ობიექტურები ყოფილიყვნენ, მეორე დღესვე დადებდნენ აღიარებით ჩვენებას, მაგრამ 5 კვირა არ აღიარეს სწორედ იმის გამო, რომ ეს იყო არა შეცდომა, არამედ გაყალბება“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, მათ ასევე გააყალბეს მონაცემები ზედმეტობებთან დაკავშირებით.
“ამბობდნენ, რომ ზედმეტობები დაფიქსირდა უბნების 8%-ში, რაც არის 300 უბანზე მეტი. სინამდვილეში გაირკვა, რომ მხოლოდ 8 უბანზე დაფიქსირდა ასეთი ზედმეტობები. მათ გააყალბეს ინფორმაცია, რომ თითქოს ცესკომ დაგვიანებით გამოაქვეყნა არჩევნების შედეგები. ეს იყო ჩვეულებრივი ტყუილი. პირდაპირ შეესატყვისებოდა ყველა წინა არჩევნების პრაქტიკას შედეგების გამოცხადების დრო. როდესაც ასეთი CV, ქურქუმალ ვაითი აქვს კონკრეტულ ორგანიზაციას, როგორ შეიძლება, მას ჰქონდეს პრეტენზია არჩევნებზე ობიექტურ დაკვირვებაზე. წარმოუდგენელია“, – განაცხადა კობახიძემ.