მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არა საქართველოში, ორივე შემთხვევაში დარჩება წაგებული, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს.
როგორც მან “იმედის” ეთერში განაცხადა, სააკაშვილის განცხადება მის გეგმებთან დაკავშირებით განკუთვნილია მისი მხარდამჭერებისათვის, თუმცა თუ ის მაინც ჩამოვა საქართველოში, მას დააკავებენ.
“ის მუდმივად პირდება თავის მხარდამჭერებს, რეალურად, ეს არის დაპირება მისი მხარდამჭერების მიმართ და მუდმივად ახდენს მათ იმედგაცრუებას, რაც, საბოლოო ჯამში, ჩვენთვის არის სუბიექტურად კარგი, მაგრამ მძიმეა მათი მხარდამჭერებისთვის. თუმცა, ჩვენ უფრო მეტად ჩვენს მხარდამჭერებზე ვდარდობთ, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი. ამ შემთხვევაშიც, ალბათ, იგივესთან გვექნება საქმე. თუ განიზრახა მაინც ამ გეგმის განხორციელება, ამ შემთხვევაში კი იცით, სადაც არის მისი ადგილი. ამ შემთხვევაში აქ მას მომგებიანი თამაში საერთოდ არ აქვს. რაც უნდა ის განაცხადოს”, – განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, უშვებს თუ არა ალბათობას, რომ სააკაშვილი ჩამოვა საქართველოში, კობახიძემ განაცხადა, რომ ეს მისთვის სულერთია.
“ჩემთვის სულერთია აბსოლუტურად, მარჩიელობას არ დავიწყებ მის გეგმებთან დაკავშირებით, აბსოლუტურად არ არის საინტერესო, ორივე შემთხვევაში დარჩება წაგებული. ერთ შემთხვევაში დარჩება თავის ადგილზე, მეორე შემთვევაში, დარჩება იმ ადგილზე, რომელიც მას კიდევ უფრო ეკუთვნის, ეს არის, კარგად მოგეხსენებათ რაც”, – განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.