spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დასრულდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერი აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა აჰმედ ალ საიემ გააცილა.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის რეზიდენციაში, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად, საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყანაში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდება. უმსხვილესი დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills საინვესტიციო პროექტებს თბილისსა და გონიოში განახორციელებს.

ვიზიტის ფარგლებში კობახიძემ შეხვედრები გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრთან, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანთან, ასევე აბუ-დაბის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიასთან და მის ლოგისტიკურ მიმართულებასთან, აბუ-დაბის პორტების ჯგუფთან, რომელიც აქტიურად არის ჩართული შუა დერეფნის განვითარებაში და თბილისის მშრალი პორტის პროექტს ახორციელებს.

“ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მათ შორის იმ თვალსაზრისით, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები არის სამაგალითო ქვეყანა, პროგრესის, ეკონომიკური წინსვლის კუთხით და ამ ქვეყანასთან თანამშრომლობას სერიოზული სარგებლის მოტანა შეუძლია საქართველოსთვის. გვქონდა შეხვედრები უმაღლეს დონეზე, მათ შორის, პრეზიდენტთან, მთავრობის წევრებთან. ხელი მოვაწერეთ უმნიშვნელოვანეს  საინვესტიციო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას. შეიქმნება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურული სივრცე, როგორც თბილისში, ასევე გონიოში. „ემაარ ჯგუფი“ არის მსოფლიოში ცნობილი თავისი გამოცდილებით, რესურსებით და ჩვენთვის საამაყოა, რომ ეს შეთანხმება გაფორმდა. ძალიან მალე პროექტის განხორციელება დაიწყება. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის,  ეკონომიკის, თბილისის და აჭარის განვითარებას, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. ეს პროექტი ყველა კუთხით მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები