კახი კალაძე და თბილისის მერია ამ გაძვირებული ცხოვრებისა და ფასების ფონზე აპირებს, რომ კვლავ 1.70-ით გამოკვებოს უფასო სასადილოების ათი ათასობით ბენეფიციარი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” არაფერი არ აინტერესებს საკუთარი კეთილდღეობისა და ფუფუნების გარდა.
“მაშინ, როდესაც “ქართული ოცნების” არალეგიტიმურმა დეპუტატებმა პრაქტიკულად, ორნახევარჯერ გაიზარდეს საკუთარი ხელფასები, ამ დროს კახი კალაძე და თბილისის მერია ამ გაძვირებული ცხოვრებისა და ფასების ფონზე აპირებს, რომ კვლავ 1.70-ით გამოკვებოს უფასო სასადილოების ათი ათასობით ბენეფიციარი. ეს არის ამ ადამიანების დაცინვა და სხვა არაფერი. ეს ნიშნავს იმას, რომ კვების ხარისხი კიდევ უფრო გაუარესდება და ისინი ძალიან მცირე ულუფას მიიღებენ ყოველდღიურად. ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” არაფერი არ აინტერესებს საკუთარი კეთილდღეობის, ფუფუნების გარდა. მათ არ აინტერესებთ მოშიმშილე ბავშვები, მოშიმშილე ადამიანები, რომლებიც, სამწუხაროდ, ამ ქალაქში და ქვეყანაში ძალიან ბევრი გვყავს”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.