არავის არ აქვს არანაირი მორალური უფლება, გამოცხადდეს იმ მასკარადზე და იმ ე.წ. კომისიაზე, სანამ საპატიმროში რჩება ათეულობით ახალგაზრდა და მათ შორის მზია ამაღლობელი, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ბრალის წაყენების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, არანაირი კომისია არ არსებობს, ისევე როგორც, საქართველოს არ ჰყავს პარლამენტი.
“არავის არ აქვს არანაირი მორალური უფლება, გამოცხადდეს იმ მასკარადზე და იმ ე.წ. კომისიაზე, სანამ საპატიმროში რჩება ათეულობით ახალგაზრდა და მათ შორის მზია ამაღლობელი. არანაირი კომისია არ არსებობს, ისევე როგორც, საქართველოს არ ჰყავს პარლამენტი, ეს არის ჩემი პოზიცია.
ბავშვობიდან მასწავლიდნენ, რომ ხარება დღეს ჩიტიც კი არ იკეთებს ბუდეს, მაგრამ როგორც ჩანს, ამ შენობაში და ზოგადად ხელისუფლებაში სხვა კალენდრით მუშაობენ და მათთვის უცხოა ეს ყველაფერი, ამიტომ სწრაფი წესით წარმიდგინეს ბრალი.
იმედი მაქვს, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, პატარა ფასდაკლებას გამიკეთებენ”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს თბილისის პროკურატურამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადების გამო ბრალდება წარუდგინა.