ფაქტების დალაგებამდე თუ მივიდა საქმე, მერე უკვე ძალიან შორს იქნება წასული ეს თემა და ძალიან ცუდად იქნება საქართველოს ხელისუფლების საქმე, – ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლმა, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა საქართველოდან რუსეთში შესაძლო კონტრაბანდული არხების თემის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, არ გამორიცხავს, რომ ეს თემა უკრაინის დაზვერვის მიერ პრევენციის მიზნით გაჟღერდა.
“სადაზვერვო საზოგადოებები ასე არ ისვრიან სიტყვებს, თუ ამ ყველაფერის უკან რაღაც არ დგას. არ გამოვრიცხავ, უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და მითუმეტეს, ვიცე-პრემიერმაც დაადასტურა, პრევენციის მიზანს ემსახურებოდეს.
ვფიქრობ, არ მომხდარა არაფერი, მაგრამ „ჩვენები“ აპირებდნენ, დაასწრეს უკრაინელებმა და ამის გამო თქვეს“, – განაცხადა ოქრუაშვილმა,
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მსგავსი რამ არაფერში ჭირდება, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ იძულებით მოუწიოს ამაზე წასვლა.
“ივანიშვილს მშვენივრად ესმის ერთი რამ, მისი პარტნიორი არკადი გაიდამაკი დღესაც პარიზის ციხეში ზის „ანგოლაგეიტის“ საქმეზე და მშვენივრად ესმის რომ ასეთ თემაში შესვლა შარში თავის გაყოფაა და მეტი არაფერი, მაგრამ ასევე უკრაინელებსაც ესმით, თუ იქედან პუტინი ხელს დაუქნევს, შეიძლება წავიდეს კიდეც ესეც რამეზე.
შეიძლება ეს ყველაფერი პრევენციაც იყო, არ მინდა ვიმკითხაო, მაგრამ მეორეცაა, ეს არ იქნებოდა მხოლოდ უკრაინელების ნათქვამი, რომ არ ყოფილიყო დადასტურებული ან ამერიკელების, ან ბრიტანელების მიერ. მტკიცებულებებს რაც შეეხება, ბოდიში ახლა, აგენტურას არავინ შიფრავს და არავინ დაიწყებს ფაქტების დალაგებას. ფაქტების დალაგებამდე თუ მივიდა საქმე, მერე უკვე ძალიან შორს იქნება წასული ეს თემა და ძალიან ცუდად იქნება საქართველოს ხელისუფლების საქმე“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.