ბუტა რობაქიძის საქმეზე თხრობითი გაკვეთილები აქვთ თუ გამეორება ცოდნის დედაა, არ ვიცი, სასამართლოში იხილება ეს საქმე 6 წელია, 6 წელია, ამ საქმეზე დავდივარ აქ, როცა დამთავრდება, მაშინ დამთავრდება, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არანაირი საგამოძიებო კომისია არ არსებობს და საქართველოს პარლამენტი არ ჰყავს.
“ძველი, ცუდი დრო რომ იყო, წინა ხელისუფლების, ბნელი და უკუნი რომ იყო, მაშინ ივანიშვილმა შემოგვითვალა, ბადრი პატარკაციშვილს ფული წაართვით, ეგეთი ადამიანები ყველაზე მტკივნეულად ამაზე რეაგირებენო, ეგეთში ალბათ, მდიდარ ადამიანებს გულისხმობდა. ზუსტად, ამ ფილოსოფიით ცხოვრობს დღესაც, თავისუფლება არ იზომება არც 20 000 ლარად, არც 50 000 ლარად და არც საზღვრის კვეთის აკრძალვად. თავისუფლებას აქვს სხვა ფასი, მაგრამ ის ამას ვეღარ გაიგებს ვეღარასდროს, მაგ ასაკში ადამიანები აღარ იცვლებიან.
არანაირი საგამოძიებო კომისია არ არსებობს, საქართველოს პარლამენტი არ ჰყავს, თუ რამის გამოძიება უნდოდათ, 15-წლიანი ხანდაზმულობის ვადა ყველა საქმეზე გასულია, აქამდე გამოეძიათ. ბუტა რობაქიძის საქმეზე თხრობითი გაკვეთილები აქვთ თუ გამეორება ცოდნის დედაა, არ ვიცი, სასამართლოში იხილება ეს საქმე 6 წელია, 6 წელია, ამ საქმეზე დავდივარ აქ, როცა დამთავრდება, მაშინ დამთავრდება”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და საქმის წარმოების დასრულებამდე საქართველოს საზღვრის კვეთა აუკრძალა. საქმე საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადებას ეხება.