როგორ შეიძლება, თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს ივანიშვილის ცესკოსა და სუსის პირობებში, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოთხოვნების შესასრულებლად ჯერ სისტემის დემონტაჟია საჭირო.
“როცა რუსთაველზე არსებობს განწყობები, ეს უნდა იყოს ასახული. იქ ყველაზე ჯანსაღი პროცესი მიდის. იქ ხალხს ის კი არ სურს, რომ საკოორდინაციო საბჭოები, ორგანოები ან ერთიანი სია შეიქმნას, ახლა მთავარი ამოცანა არის ტყვეების გათავისუფლება, ახალი არჩევნების დანიშვნა და სისტემის დემონტაჟი, იმიტომ, რომ სისტემის დემონტაჟის გარეშე ეს მოთხოვნები არარეალურია. როგორ შეიძლება, თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს ივანიშვილის ცესკოსა და სუსის პირობებში. ამ დროს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ საბჭოებზე და განცხადებებზე, ხალხსაც და პროცესსაც სჭირდება ქუჩის წინააღმდეგობა, საპროტესტო ნაბიჯები, სადაც იქნება ქმედება, მაგრამ ერთად იდგება ოპოზიცია. პრიმიტიულად რომ ვთქვათ, ხალხის დაკვეთა ერთიანობის მიმართ არის ის, რომ წინ იდგეს 5-6 ოპოზიციური ლიდერი ხელჩაკიდებული და ერთად “აწვებოდნენ”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.