მე უნგრელ ხალხს და მის ხელისუფლებას კიდევ ერთხელ გაძლებას და გამარჯვებას ვუსურვებ, იმიტომ, რომ როგორც ისინი ჩვენც მოწყურებული ვართ მეტ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ჩვენი, როგორც უნგრელი ხალხის ასევე ქართველების ინტერესები დავიცვათ და არა მხოლოდ, ბევრნი არიან ევროპაში ევროპული სახელმწიფოები ვინც ომობენ, იბრძვიან და თავიანთი სუვერენიტეტისათვის ყველაფერს აკეთებენ, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტის შეკითხვას ევროპული კომისიის მიერ უნგრეთის წინააღმდეგ ევროსასამართლოში შეტანილი სარჩელის შესახებ.
მისივე თქმით, გარკვეული გლობალური ჯგუფები თავიანთ წესრიგს ახვევენ ყველას, მაგრამ საქართველოში ამას ვერ შეძლებენ, რადგან ქართველები უპირველეს ყოვლისა ადათ წესებით, წარსულით, ეკლესიით და პატრიარქით ამაყობენ და ასე გააგრძელებენ მომავალშიც.
“არის გარკვეული გლობალური ჯგუფები, რომლებიც თავიანთ წესრიგს ახვევენ თავს ყველას. მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებს და მათ შორის იმათ, ვინც სტატუსი გვაქვს მიღებული, ვისთანაც გასდით მოკლედ. მცდელობა აქვთ რომ დაგიმორჩილონ, თავისი ჭკუით გატარონ. მოვა მესიჯი – მეორე ფრონტი უნდა გახსნა, ჩვენ რასაც შევეწინააღმდეგეთ. მოვა მესიჯი – ლგბტ პროპაგანდას მხარი უნდა დაუჭირო. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენ უპირველეს ყოვლისა ჩვენი ადათ წესებით, ჩვენი წარსულით, ჩვენი ეკლესიით, პატრიარქით ვამაყობთ და ჩვენ ამას გავაგრძელებთ მომავალშიც. ეს მათთვის უცხოა. ამიტომაც არის, რომ უნგრელ ხალხს ებრძვიან, ისევე, როგორც სლოვაკებს, გახსოვთ თქვენ მათ ლიდერებს ხან იარაღით ხან ავარიით, ხან როგორ და საერთოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ტყვიაც კი ესროლეს და მერე ჩვენ გვეუბნებიან, რომ თურმე დემოკრატია ამას არ ნიშნავსო, პარტიების აკრძალვას. არა ბატონებო გეშლებათ, ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებით გავასამართლებთ მწვალებელთა პარტიას, უსამშობლოებს და რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს სასამართლო, არგუმენტირებულად, შემდეგ ის პროცესი დაიწყება, რაც წინასწარ დავაანონსეთ. ასე რომ, არ აგერიოთ – ჩვენ ვიცავთ კანონებს, ჩვენ ვიცავთ პროცესებს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.