ფასიანმა ლობისტებმაც და ხელმოცარულებმაც, ყველამ კარგად გაიგოს, არავის გავუტარებთ, რომ ჩვენი ქვეყანა “ბანანის რესპუბლიკა” ეგონოს. კრამერი იქნება, ვიოლა ფონ კრამონი თუ სხვა ხელმოცარულები, ვინც ხართ შეკრებილი და პოლარიზაციას აღვივებთ, რადიკალებს მხარს უჭერთ და რევოლუციისთვის ნიადაგს ამზადებთ, მეორე ფრონტი გინდათ, ვერ ეღირსებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციასთან დაკავშირებით განაცხადა.
ზარქუას თქმით, კონფერენციაზე არ არიან საქართველოს მეგობრები, არამედ არიან რადიკალები და ხელმოცარულები ოპოზიციიდან, ფასიანი ლობისტები.
“მერამდენე წელია, ამ კონფერენციაზე ათიათასობით დოლარი იხარჯება და კონფერენციებს რისთვის ატარებენ? საქართველოს ინტერესები შელახონ, არასწორი ბრალდებები გაახმოვანონ და სააკაშვილი არ გავასამართლოთ. ამას ვინ გვეუბნებიან? ამერიკის წარმომადგენლები, რომელთაც ახლახან ბრალდება წაუყენეს ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს. ე.ი. საქართველოში ორმაგი სტანდარტია, აქ ყველაფერი “მოსულა”. კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ადამიანებს ასამართლებენ და ციხეში ჩასვეს, საქართველოში ადამიანებს “მოლოტოვის კოქტეილით“ რომ დასდევდნენ, პარლამენტს ანგრევდნენ, ამაზე ჩუმად უნდა ვიყოთ. ასეთი მიდგომისა და დემოკრატიის არ მჯერა. ყველამ კარგად გაიგოს, ფასიანმა ლობისტებმაც და ხელმოცარულებმაც, საქართველოს აქვს უდიდესი ტრადიციები და არავის გავუტარებთ, რომ ჩვენი ქვეყანა “ბანანის რესპუბლიკა” ეგონოს. კრამერი იქნება, ვიოლა ფონ კრამონი თუ სხვა ხელმოცარულები, ვინც იქ ხართ შეკრებილები და საქართველოს საწინააღმდეგო ქმედებებს ჩადიხართ, პოლარიზაციას აღვივებთ, რადიკალებს მხარს უჭერთ და რევოლუციისთვის ნიადაგს ამზადებთ, მეორე ფრონტი გინდათ, ვერ ეღირსებით, გამორიცხულია, არ გაგიტარებთ“, – განაცხადა ზარქუამ.