საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა საქართველოში ევროკავშირის ელჩს სამი კითხვით მიმართავს – 1. ვინ აფინანსებდა მარგინალებს? 2. ვინ აფინანსებდა ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს? 3. ვინ გადაუხადა კანონის დამრღვევ ნიკა მელიას გირაო?
როგორც ზარქუამ აღნიშნა, როდესაც ელჩს ამ კითხვებზე პასუხი ექნებათ, მზად არის, მოუსმინოს.
“მინდა ევროკავშირის ელჩს სამი კითხვა დავუსვა: როდესაც აქციაზე ხდებოდა „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის წახალისება, მხარდაჭერა, პოპულარიზაცია, დროშაზე, ბანერზე ჰქონდათ გამოსახული, აფრიალებდნენ მომიტინგეებს შორის და აცხადებდნენ, რომ ის რომ ცოცხლად დაწვა შენ, მაგალითად პოლიციელი, ეს „მოსულა“.
კითხვა პირველი: ვინ აფინანსებდა ამათ, ამ მარგინალებს?
კითხვა N2: მე მაინტერესებს, 2020-ში, როდესაც სამართლებრივად, ობიექტურად ქართველი ხალხის მხარდაჭერით „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, მაშინ მაგალითად „ისფედი“, რომელიც იყო პარალელურად დათვლების ორგანიზაცია, აჯანჯღარებდა ამ ქვეყანას და ხალხს ეუბნებოდა, გააყალბეს არჩევნები, გამოდით, ჩამოვანგრიოთ ეს სახელმწიფოო. მაშინ, როდესაც აღმოჩნდა, რომ თურმე ფორმულაში ჰქონდათ შეცდომა და წინასწარვე იცოდნენ 6 თვის განმავლობაში, მათ შორის ევროკავშირის წინამორბედმა ელჩმაც იცოდა.
ეს ქმედება ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იყო, რევოლუციური მოწოდება და დამხობა ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების. მაინტერესებს, ბატონო ევროკავშირის ელჩო, ვინ აფინანსებდა ამ ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს? თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ, ამ ფონზე ჩამოვიდა აშშ-ის მაღალჩინოსანი და თქვა, რომ შეეშვით, ეს მიუღებელია, ოპოზიციას მოუწოდა, „შებრძანდით“ პარლამენტში, ეს კინო ნანახი გვაქვსო. იძულებული გახდა ის კაცი, იმიტომ, რომ მიხვდა, ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. მე მაინტერესებს, ვინ აფინანსებდა მათ? მესამე კითხვა: მარგინალი, კანონის დამრღვევია [ნიკა] მელია, რომელსაც გირაო შეეფარდა, ვინ გადაუხადა? მე მაინტერესებს ეს ფონდი, ის ჯგუფი და ორგანიზაცია, ვინც ამ მარგინალებს აფინანსებს. იმიტომ რომ ჩვენ ყველამ ვიცით, კანონი უზენაესია, ევროკავშირშია ეს ღირებულება და ამიტომ გვინდა მანდ, რომ ნებისმიერი ადამიანი კანონის წინაშე იყოს თანასწორი. მელიამ დაარღვია, რაც სასამართლომ მიუსაჯა, მოიხსნა და გადააგდო. ანუ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ჩაიდინა და ამაზე იყო დაკავებული. გირაო შეეფარდა, ვინ გადაუხადა ის გირაო? ანუ ვინ უჭერდა მხარს კანონის დარღვევას. ეს სამი კითხვა მაქვს.
იმაზე არაფერს გკითხავთ, რომ თქვენს სახელმწიფოში, მიღებული გაქვთ ეს კანონი ეროვნულ დონეზე, არც იმაზე, რომ საფრანგეთის ქვედა პალატამ უკვე ამაზე მკაცრი კანონი მიიღო და არც იმაზე, რომ ევროკომისიამ უკვე თავისი დირექტივა გამოსცა და ევროკავშირი, ალბათ, უახლოეს დღეებში ან კვირებში მიიღებს ამაზე უფრო მკაცრ გამჭვირვალობის შესახებ კანონს. ამ კითხვებზე რომ პასუხი გექნებათ, მე მზად ვარ რომ მოგისმინოთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.