“ქართული ოცნების” დეპუტატის ირაკლი ზარქუას თქმით, სასამართლო გაცილებით თავისუფალია, ვიდრე 2012 წლამდე იყო, რასაც სხვადასხვა კვლევაც ადასტურებს.
“რადიკალური ოპოზიცია რეიტინგებში განულებულია. თვითრწმენა იმდენად აქვთ დაკარგული, არჩევნებშიც აღარ მონაწილეობენ. გაკოტრებული ოპოზიცია ახლა ცდილობს, დამატებითი შოუს ელემენტები შეიტანოს პარლამენტში. მუშაობა თუ უნდოდათ, ევროინტეგრაციის გზაზე ერთ რამეში არ მიუღიათ მონაწილეობა. საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით როდესაც ვეუბნებით, რა კონკრეტული არგუმენტების საფუძველზე ითხოვთო, ამას არ გვეუბნებიან. ამ დროს სურთ, სასამართლო და მოსამართლეები გაასამართლონ? ვინ, ხაბეიშვილმა, მწვალებელთა პარტიის ღირსეულმა წარმომადგენლებმა და ბუჩუკურმა? მათ უნდა გაასამართლონ მოსამართლეები და სასამართლო, რომელიც კონსტიტუციით არის მესამე ხელისუფლება? რამე დარღვევა თუ არსებობს, შესაბამისი ინსტანციებია იქ, სადაც ჩვენ ევროპული ყაიდის სასამართლო სისტემა გვაქვს შექმნილი. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ ამ შოუში მონაწილეობას არ მივიღებთ.
მეორე – მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, მაგალითად, გუშინ ბიუროზე დაეყენებინათ საკითხი, რაც არ დაუყენებიათ. შეეშვან სპეკულაციებს. დღეს აქვთ შესაძლებლობა, თუ ჩამოყალიბდებიან, დააყენონ ეს საკითხი და შემდეგ უმრავლესობა იმსჯელებს, რა ვქნათ. შეგიძლიათ მიმართოთ ამ რადიკალებს, ასევე ენჯეოშნიკებს, ვინც მაშინ ითხოვდნენ, რომ ჩვენ მუდმივად სასამართლოში დაგვეტოვებინა გირგვლიანის მოსამართლეები, აქციებს უწყობდნენ 2012 წელს. ჩვენ სასამართლო ხელისუფლება გავათავისუფლეთ წნეხისგან. ჩვენ ეს ვთქვით 2012 წელს, რომ არ დავემსგავსებით სააკაშვილის რეჟიმს, სადაც თავისიანები და სხვისიანები დაყო. ჩვენ მივეცით შესაძლებლობა, ისინი თვითგამორკვევაში ყოფილიყვნენ. ნაწილი ჩამოშორდა სასამართლოს და დღეს „ნაცების“ რიგებში არიან, ხოლო ის, ვინც მსხვერპლი იყო, გამოერკვია. დღეს რომ სასამართლო გაცილებით თავისუფალია, გაცილებით ნდობით რომ სარგებლობს ჩვენს საზოგადოებაში, ამას მათ შორის საერთაშორისო კვლევები, ამერიკული თუ ევროპულო კვლევებიც ადასტურებენ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.