“ქართული ოცნების” დეპუტატის ირაკლია ზარქუას თქმით, მისასალმებელია, რომ სალომე ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძის გაერო-ში ელჩად დანიშვნაზე გადაწყვეტილება მიიღო.
“პრეზიდენტმა ეტყობა გაანალიზა, გაითავისა და შემდეგ გააკეთა დასკვნა, გადაწყვეტილება მიეღო, რომ დაენიშნა ელჩები, მათ შორის გაერო-ში დავით ბაქრაძე, რომელიც არის ძალიან კომპეტენტური, კვალიფიციური. მგონია, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. დარწმუნებული ვარ, ბატონი დავითი, ისევე როგორც დანარჩენი ელჩები, სასარგებლო საქმიანობით იქნებიან დაკავებული.
ქალბატონი სალომე ცოტა თავისებური ადამიანია, ხასიათის ადამიანია და ეტყობა იმ ხასიათზე იყო მაშინ, როდესაც თქვა ინტერვიუში ბაქრაძეზე, შეუფერებელი იყო ის განცხადებები, რაც გააკეთა დიპლომატების მიმართ და განსაკუთრებით ბატონო დავითის მიმართ. მაინც გადაწყვიტა და ხელი მოაწერა, ვერავინ ვერ იტყვის, რომ ვინმემ აიძულა. ის არის მაქსიმალურად დამოუკიდებელი გუნდისგან, ყველა ინსტანციისგან და თვითნებურად, თავისი გადაწყვეტილებებით იღებს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. მისასალმებელია სწორი, გონივრული ნაბიჯის გადადგმა“, – განაცხადა ზარქუამ.
სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი მოაწერა. მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ დავით ბაქრაძის აშშ-ის გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია და გაერო-ში მისი დანიშვნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.