ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატისა და ყოფილი პრეზიდენტის უფლებები არ არის დაცული, მისი ხელისუფლება რომ გამოვა და მე გამაკრიტიკებს, მორალს წამიკითხავს, როგორ დავიცვა ადამიანის უფლებები, როგორ შევამცირო პოლარიზაცია, ამაზე ნოტაციას რომ წამიკითხავს, ვერ მივიღებ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
“აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატზე თავდასხმა ეს არის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულება „გლობალური ომის პარტიის“ მხრიდან, როგორ ესხმის თავს ოპონენტებს, მოწინააღმდეგეებს, განსხვავებული აზრის თუ იდეოლოგიის მქონე პირებს. ჯერ ვნახეთ ევროპაში ფიცო, შემდეგ გახსოვთ, ჩვენი პრემიერ-მინისტრის მიმართ მუქარის წერილი და მუქარა, ახლა კი პრეზიდენტობის კანდიდატს ტყვია ესროლეს. ეს ყველაფერი ხდება წინასაარჩევნოდ და სად? ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ჩვენთვის იყო მაგალითი დემოკრატიის, განსხვავებული აზრის მიმღებლობის, ადამიანის უფლებების დაცვის. ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატისა და ყოფილი პრეზიდენტის უფლებები არ არის დაცული, ის ხელისუფლება რომ გამოვა და მე გამაკრიტიკებს, მორალს წამიკითხავს, როგორ დავიცვა ადამიანის უფლებები, როგორ მქონდეს განსხვავებულობის მიმღებლობა, როგორ შევამცირო პოლარიზაცია, ამაზე ნოტაციას წამიკითხავს, ვერ მივიღებ“, – განაცხადა ზარქუამ.
მისივე თქმით, „სამწუხაროდ, ჩაფლავდა ამერიკის შეერთებული შტატების ამ ხელისუფლების პერიოდში ამერიკა, როგორც დემოკრატიის შუქურა“.
“სამწუხაროა ამას რომ ვამბობ, რადგან ჩვენთვის ყოველთვის იყავით მაგალითის მომცემი და რას დაამსგავსეთ ქვეყანა, წინასაარჩევნოდ პრეზიდენტობის კანდიდატს ტყვიას ესვრიან. ამაზე კომენტარი რა არის? შეშფოთება, დასაგმობია. პრეზიდენტობის კანდიდატს, მოდი, პირდაპირ ვთქვათ, გამარჯვებულს, ბატონ ტრამპს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ზუსტად ვიცი, რომ ის ამერიკის შეერთებულ შტატებს სწორ რელსებზე დააბრუნებს და აქცენტირება იქნება, რომ მსოფლიო გახდეს სამართლიანი, ობიექტური და განვითარების მოდელით წავიდეს და არა – ვის როგორ აწყობს, ისე, შენ ვასალად გთვლიან და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ, მას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებს წინასაარჩევნო გარემოში დამშვიდებასა და ობიექტურ საარჩევნო გარემოს“, – განაცხადა ზარქუამ.