არაერთხელ გვითქვამს, რომ არიან პარტიები, რომლებიც ქმნიან აბსურდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აფილირებული არიან ამ პარტიულ სტრუქტურებთან და შემდეგ იღებენ დაფინანსებას საერთაშორისო ორგანიზაციებისგან. ჩვენი კონსტიტუციით, კანონმდებლობით ეს აკრძალულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ “რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის“ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
“ძალიან კარგი ინიციატივაა. არ ვიცი, რა ორგანიზაციამ წამოიწყო. მგონია, რომ არა აუდიტის სამსახურს, არმედ უნდა მიმართონ ანტიკორუფციულ ბიუროს, რომლის უფლებამოსილებაშიც გადადის ეს ფუნქცია, თუ არ ვცდები, შემოდგომიდან.
შესაბამისად, თუ სადმე არის მსგავსი დარღვევა, უნდა აღიკვეთოს, რადგან ყველამ უნდა ვცეთ საქართველოს კონსტიტუციას პატივი, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, საელჩოებმა და ყველამ. თუ ასეთი დაფიქსირდება, მოვუწოდებ შემსწავლელ ორგანიზაციებს, მყისიერად გამოაქვეყნონ ის ორგანიზაციები, სახელმწიფოები და სტრუქტურები, ვინც აფინანსებენ ამ რადიკალებს, რომელთა ინტერესში შედის ქაოსი, არეულობა და შემდეგ უკვე მეორე ფრონტის გახსნა, რომელზეც, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლებიდან არა ერთხელ გვითხრეს და მათ შორის, აქაურმა პოლიტიკაში ხელმოცარულებმა გამოთქვეს ამის სურვილი“, – განაცხადა ზარქუამ.