თუ სუსტად არის, არ შევაწუხოთ ეს ადამიანი, თან იქ ომი და უბედურებაა, უსაფრთხოებაზე ვინ აიღებს პასუხისმგებლობას? – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ კიევის სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დროებით, საგამოძიებო მოქმედებისთვის გადაყვანის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ ეს აუცილებელია, მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა დისტანციურადაც არის შესაძლებელი.
“ბოდიში, უკრაინას რატომ უნდა გადაეცეს, ვერ გავიგე. თუ ეს აუცილებლობაა, კი ბატონო, არის შესაბამისი ტექნოლოგიები განვითარებული, ჩართონ და დაკითხონ. პრობლემა არ არის. მითუმეტეს, თუ ამბობთ, სუსტად არის და რაღაც, არ შევაწუხოთ ეს ადამიანი. არის კლინიკაში, სადაც მკურნალობს, გადის რეაბილიტაციას. ასე რომ, მე მგონია, რომ არ უნდა შევაწუხოთ. თვითონ პატიმრის, მსჯავრდებულისთვის იქნება ცუდი, იმიტომ რომ სუსტად არისო, ხო ამბობენ, ხო ამტკიცებენ. ახლა ტრანსპორტირება უკრაინაში, თან იქ ომი და უბედურება ხდება, უსაფრთხოებაზე ვინ აიღებს პასუხისმგებლობას? სააკაშვილზე კი არ ვზრუნავ, ყველა პატიმარზე ვზრუნავ“, – განაცხადა ზარქუამ.