რადიკალურ ოპოზიციაში ყველა ხელმოცარულები არიან, ვერ გაიაზრეს, რომ ხალხის მხარდაჭერა არასდროს ექნება რადიკალიზმს ამ ქვეყანაში, ჩვენ ეს გამოვიარეთ, ქართველმა ხალხმა ეს ყველაფერი თავის თავზე გადაიტანა, გააცნობიერა, წარსულს ჩაბარდა ქართველი ქართველს დაუპირისპირდეს და ტყვია წამლით სდიოს, ეს ვერ გაითავისეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ირაკლი ზარქუას თქმით, იციან, რომ ლეგიტიმურად, არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოდიან და სხვა გზით ცდილობენ, ლექციებს უტარებენ ახალგაზრდებს და შეცდომაში შეყავთ, რომ თურმე სისხლი უნდა დაიღვაროს და რევოლუცია მოახდინონ.
“ეს იყო სწორედ იმ გიჟი ჯაფარას ჩანაწერი, ლექციებს უტარებენ ახალგაზრდებს და ატყუებენ, შეცდომაში შეყავთ, თურმე სისხლი უნდა დაიღვაროს და რევოლუცია მოახდინონ. მივმართავ ახალგაზრდებს, ნუ შეხვალთ შეცდომაში, მთავარია, ისწავლოთ, ირწმუნოთ, რომ ამ ქვეყნის ხვალინდელი მომავალი სწორედ ევროატლანტიკურ სივრცეშია, რომელიც კონსტიტუციაში გავწერეთ. ამ მავნებლებს, ამ ხელმოცარულებს ნუ დაუჯერებთ, იმიტომ, რომ მათი იდეა, ამოცანა სულ სხვაა, მათ არ სჭირდებათ ეს ქვეყანა, როგორც დემოკრატიული, მათ სჭირდებათ, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ ნებისმიერი გზით. ეს არის მათი ამოცანა და ამაში ნუ შეეხიდებით, ისედაც ხელმოცარულები არიან. საქართველო ბოლომდე დაიცავს თავის ინსტიტუციებს, ქართველი ხალხის უმრავლესობის ინტერესებს და აქ იქნება მშვიდობა. გამორიცხულია, აქ არც ომი, არც ქაოსი, არც რევოლუცია არ იქნება, იმიტომ, რომ ამის საფუძველი არ არის ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.