ეს არის რადიკალური ოპოზიციის ლობისტების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და შენიშვნები, – ამის შესახებ Front News-ს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა აშშ-ში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოში დემოკრატიის არნახულად მაღალი ხარისხია.
“ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რასაც ყოველდღე ვხედავ – საქართველოში დემოკრატიის ისეთი ხარისხია, რომელიც არასდროს, არცერთი ხელისუფლების პირობებში არ ყოფილა. შესაბამისად, ნებისმიერი განცხადება, რომელიც იმის საწინააღმდეგოა, რასაც ვხედავ, მიუღებელია.
ეს არის კონკრეტული პიროვნებების, რადიკალური ოპოზიციის ლობისტების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და შენიშვნები“, – განაცხადა ზავრადაშვილმა.
კითხვაზე, ეს შეფასება რომ ევროპარლამენტარები და სენატორები ოპოზიციის ლობისტები არიან, ხომ არ ნიშნავს ოპოზიციის ძლიერებას, ზავრადაშვილი აღნიშნავს, რომ ეს ასეა არაა.
“მეც ვოცნებობ, რომ გვყავდეს ძლიერი ოპოზიცია, მართლა ვოცნებობ, მარტო მე კი არა, ყველა. არ არსებობს ხელისუფლება, ვის ინტერესშიც არ შედის ძლიერი ოპოზიცია. თქვენ თუ ლობისტი გყავთ ვინმე, ვინც თქვენს კონკრეტულ ინტერესებს ითვალისწინებს, ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ თქვენ ძლიერი ხართ? ევროკომისარი იყო ჩამოსული რომელმაც ღიად დააფიქსირა ყველა ის წარმატება და უპირატესობა, რაც ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვეყანას აქვს“, – განაცხადა ზავრადაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანას არც პოლიტპატიმრები ყავს და ევროკომისიის 12 რეკომენდაციასაც რაც მის კომპეტენციაში შედის, ასრულებს.
“პოლიტპატიმრები საქართველოს არ ყავს. რაც შეეხება 12 პუნქტის შესრულებას, მთელი ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, მუხლჩაუხრელად მუშაობს მთელი პარლამენტი.
რაც ხელისუფლების კომპეტენციაა, იმაზე მეტის გაკეთება შეუძლებელია, რასაც პარლამენტი აკეთებს. არის საკითხები, სადაც ოპოზიციის ჩართულობა აუცილებელია. კიდევ ვიტოვებ ძალიან დიდ იმედს, რომ გონს მოეგებიან და კომისიებში მუშაობას დაუბრუნდებიან, რადგან ევროპის დიდი ოჯახის წევრად გახდომა ქართველი ხალხის საუკუნოვანი ოცნების ასრულებაა და არა “ქართული ოცნების“, – განაცხადა ზავრადაშვილმა.
რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის კანონის მეორედ მოსმენით ისე მიღებას, რომ პროექტი ვენეციის კომისიას არ გადაეგზავნა, დეპუტატი აცხადებს, რომ გაითვალისწინებენ უკრაინისათვის მიწერილ პასუხს.
“კანონი გადაგზავნილი აქვს უკრაინას ვენეციის კომისიასთან და ელოდებიან პასუხს, ჩვენც ველოდებით ამ დასკვნას. კანონი არის იდენტური, შესაბამისად რა პასუხსაც მიიღებს უკრაინა, ჩვენც გავითვალისწინებთ“, – განაცხადა ზავრადაშვილმა.