იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტები განიხილა.
“საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, კანონით განსაზღვრული ანაზღაურებად სტაჟიორთა რიცხოვნობა, რომელიც საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს, იცვლება 20%-ით.
“ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებით განიმარტება ტერმინი საფუძვლიანი ეჭვი. მეორე მოსმენის ფარგლებში აღნიშნული ტერმინი ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა. კერძოდ, საფუძვლიანი ეჭვი – ინფორმაციის, ფაქტების ან/და გარემოებების ერთობლიობა, რომელიც ანგარიშვალდებულ პირს ობიექტურად უჩენს ეჭვს, რომ გარიგება უკანონოდ მოპოვებული ქონების ან ასეთი ქონებისგან მიღებული შემოსავლის საფუძველზე ან/და ფულის გათეთრების მიზნით მომზადდა, დაიდო ან შესრულდა ან ტერორიზმის დაფინანსებას უკავშირდება და ეს ეჭვი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შედეგად ვერ გაქარწყლდა.
კანონპროექტით, საეჭვო და უჩვეულო გარიგების გამოვლენის კრიტერიუმები დადგინდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. ასევე, განისაზღვრება, რომ ლატარიის, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებული იქნება მოახდინოს პრევენციული ღონისძიებების გატარების შედეგად მიღებული ინფორმაციის განხორციელებულ გარიგებებთან ურთიერთდაკავშირება. გარდა ამისა, კანონპროექტით ახლებურად მოწესრიგდება, სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლესთან, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემასთან, მაღალი რისკის იურისდიქციასთან და გადაზღვევის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები.
კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელიც კომიტეტმა სხდომაზე განიხილა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.
ორგანული კანონის პროექტით, საარჩევნო კოდექსს ემატება ნორმა, რომლის მიხედვითაც, თუ ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ცესკოს ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, ცესკოს ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება. ამ შემთხვევაში ცესკოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
ცვლილებით ასევე განისაზღვრება, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან ტექნიკური პერსონალის წევრის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობამ ან/და შრომის ანაზღაურებამ არ შეიძლება მის საზიანოდ გავლენა მოახდინოს მისი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციაზე, მისთვის სოციალური დახმარების, სოციალური გასაცემლის ან/და სახელმწიფო გასაცემლის მიცემაზე, მასზე სოციალური შეღავათის გავრცელებაზე ან/და მის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ან/და ასეთი პროგრამის ქვეპროგრამაში მონაწილეობაზე.