“საქართველოს სასამართლოს გუშაგის” ინფორმაციით, ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი 14 მარტის სხდომას, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორმა მოსამართლე წევრმა ბადრი შონიამ და პაატა სილაგაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვეს.
“აღსანიშნავია, რომ ბადრი შონია და პაატა სილაგაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები არიან და სხდომაზე სწორედ ეს დასახელდა მათ მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზად.
ამდენად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დარჩა 13 წევრი.
ორი წევრის მიერ საბჭოს დატოვება უშუალოდ კანდიდატების შერჩევის დროს, აზიანებს უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევის პროცესს. გარდა ამისა, აჩენს ვარაუდებს იმასთან დაკავშირებით, რომ წარმდგენი ორგანო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, კვლავ ცდილობს, თავისი რიგებიდან დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა წარსულში.
ბადრი შონია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა, რომელიც 2021 წლის 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენციამ აირჩია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, ხოლო პაატა სილაგაძე, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, იუსტიციის საბჭოს წევრად 2021 წლის 31 ოქტომბერს აირჩიეს”, – აღნიშნულია “სასამართლოს გუშაგის” ინფორმაციაში.