დაჭირდათ და დაგვიჭირეს, რაღაც დაჭირდათ და გამოგვიშვეს, შეიძლება მოხდეს ისე, დაესიზმროს, გაიღვიძოს და გამოუშვას, – ამის შესახებ “კარტოგრაფების საქმის“ ფიგურანტმა, ექსპერტმა ივერი მელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლო გადაწყვეტილებას სრულიად ულოგიკოდ, ერთი კაცის, ან მცირე ჯგუფის სურვილების მიხედვით იღებს, ამდენად, არავის შეუძლია წინასწარ თქმა, ხვალ სააპელაციო სასამართლო ნიკა გვარამიას გაათავისუფლებს თუ არა.
“ერთი კაცი, ან ვიწრო ჯგუფი წყვეტს, გამოუშვას, თუ არ გამოუშვას. ანალოგია შეიძლება მთლად გამართლებული არ არის ჩემსა და ნიკა გვარამიას შორის, მაგრამ მსგავსება იმაშია, რომ დაჭირდათ და დაგვიჭირეს, არჩევნების წინა პერიოდი იყო. შემდეგ რაღაც დაჭირდათ და გამოგვიშვეს, მე ასე აღვიქვამ. კი იყო საზოგადოებიდან ზეწოლა, მაგრამ, ალბათ, რაღაც კიდევ იყო. თუ უნდათ ჩემი საქმის გარკვევა, ამას ჭირდება მრგვალი მაგიდა, თუნდაც ოთხკუთხა იყოს, რამდენიმე სპეციალისტი და საკმარისია. ჩვენი საქმის გარკვევას მაქსიმუმი 3 დღეს სჭირდება, მაგრამ რამდენი ხანია, მიმდინარეობს.
რას მედავებიან? – მე, ექსპერტს მედავებიან, რატომ არ გამოვიყენე ის რუკა. არ ვარგოდა და იმიტომ – ვეუბნები.
ვფიქრობ, რატომ უნდა გამოუშვას ნიკა გვარამია, აქვს რაიმე ზეწოლა? მოხდა ისეთი რამე, რომ სხვა გამოსავალი არ აქვს? ალბათ, სავაჭროდ გამოიყენებს.
შეიძლება იმის იმედი ვიქონიოთ, რომ რაღაც ისეთი მოხდეს, რაც ჩვენი გონების მიღმა ხდება, შეიძლება მოხდეს ისე, დაესიზმროს, გაიღვიძოს და გამოუშვას“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლო 2 ნოემბერს, 11:00 საათზე მედიამენეჯერ ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.