თბილისი: დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ძალიან შეშფოთებულია ამ დღეებში უკრაინაში განვითარებული მოვლენებით, – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ჯასტინ მაკკენზი სმიტმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ, რაშიც დიდი ბრიტანეთი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.
“ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. ამ საკითხზე მსჯელობა იქნება ნიუ იორკში, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე და ჩვენ აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ. მოვუწოდებთ ორივე მხარეს, იმოქმედონ დიდი სიფრთხილით, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ გემებს უკრაინულ პორტში შესვლის საშუალება უნდა ჰქონდეთ“, – განაცხადა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა.
რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის ცნობით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.
უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭო 60-დღიანი საომარი მდგომარეობის შემოღების ინიციატივით გამოვიდა. უკრაინის პრეზიდენტი წინადადებას მხარს უჭერს.