შპს „მაგნატის“ მესაკუთრემ, ბიზნესმენმა ჯემალ ლეონიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთ საქმეს განიხილავენ პატიმრობის დროს კარანტინში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, 25 კვ.მ ფართში ორი ორსართულიანი საწოლი იდგა, სადაც 40 კაცამდე იმყოფებოდნენ და დაწოლაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო. მისივე თქმით, სუნთქვა იმდენად შეუძლებელი იყო, რომ პატიმრები კარების რამდენიმე ნახვრეტიდან ცდილობდნენ ესუნთქათ.
“გლდანში ვიყავი ერთი წელიწადი. მომიწია კარანტინში გავლა, სადაც დაახლოებით 25 კვ.მ ფართში ორი ორსართულიანი საწოლი იდგა და ვიყავით 40 კაცამდე. იქ დაწოლაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო და ყველაზე ამაზრზენი რაც იყო, იყვნენ 18-19 წლის ახალგაზრდა ბიჭები და ამ 40 კაცის ნასუნთქით, ერთი ფანჯარა ჰქონდა, მე კი გავუძელი, მაგრამ რომ ვერ სუნთქავდნენ ჭერიდან ჩამოდიოდა წყალი, ამ სინესტისგან. წყალი ჩამოდიოდა წვეთები კი არა, აი თავიდან რომ მოდიოდა კარებში გადიოდა, მდინარესავით, ისეთი სიტუაცია იყო შესვლის დროს კარანტინში. ჰოდა ბიჭებს სუნთქვა რომ უჭირდათ, წამალს ვინ მიცემდა იქ, 3 თუ 4 ცალი ნახვრეტი ჰქონდა იმ კარებს დაბლა, იქ ცხვირით იყვნენ მისული და სუნთქავდნენ არ დავიხრჩოთო. ამას რომ ნახავ კაცი შესვლის დროს პატიმრობაში, მერე რა გელის უკვე იცი ხომ?!“, – განაცხადა ჯემალ ლეონიძემ.