ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო-ს მოკავშირეები არ იომებენ რუსეთთან უკრაინაში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“პირდაპირი კონფრონტაცია ნატო-სა და რუსეთს შორის არის მესამე მსოფლიო ომი, ეს კი, უნდა ავირიდოთ თავიდან. მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, რომ პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ გამარჯვებით არასდროს დასრულდება. მას იმედი ჰქონდა, რომ უკრაინაში დომინანტ პოზიციას ბრძოლის გარეშე მიიღებდა, მაგრამ ეს გეგმა ჩაუვარდა. მას იმედი ჰქონდა, რომ ევროპის გამბედაობას დაანაწევრებდა და ესეც არ გამოუვიდა. მას სურდა ტრანსატლანტიკური ალიანსის დასუსტება, მაგრამ ესეც ვერ შეძლო. მას სურდა ამერიკის დემოკრატიის დაყოფა, თუმცა ეს გეგმაც ჩავარდა. ამერიკელი ხალხი ერთიანია. მსოფლიო ერთიანია და უკრაინელი ხალხის გვერდით დგას. ჩვენ არ დავუშვებთ რომ ავტოკრატებმა უკარნახონ სამყაროს გეზი“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
მისივე თქმით, რუსეთი მძიმე ფასს გადაიხდის, თუ უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს.
“სადაზვერვო ინფორმაციაზე საუბარს არ ვაპირებ, თუმცა რუსეთი მძიმე ფასს გადაიხდის, თუ ქიმიურ საშუალებებს გამოიყენებს“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.