დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინს მშვიდობა არ სურს.
“როგორი სიურპრიზია – პუტინი უარყოფს ცეცხლის უპირობო შეწყვეტას. მას სურს გააგრძელოს დაბომბვა და უდანაშაულო უკრაინელების მკვლელობა“, – წერს ჯონსონი.
მისივე თქმით, პუტინს სურს უკრაინის განიარაღება, განეიტრალება და “რუსეთის ვასალურ სახელმწიფოდ” ქცევა.
“ის არ აწარმოებს მოლაპარაკებას. ის ჩვენზე იცინის”, – წერს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი.
ტრამპს და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი 18 მარტს გაიმართა.
მოლაპარაკებების ცენტრალური თემა უკრაინაში ომის დასრულების საკითხი იყო. კერძოდ, უკრაინა მანამდე დათანხმდა ცეცხლის სრულ 30-დღიან შეწყვეტას, პუტინი კი საუბრის შედეგად მხოლოდ ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერებაზე დათანხმდა, თუმცა “შეთანხმებების” მიუხედავად, რუსებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს.